Aa
Aa

სკანდალური უცნობი ფოტო! - "ფიორენტინა"-"ინტერის" მსაჯი "მილანის" გულშემატკივარია?

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში, "არტემიო ფრანკის" სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც "ფიორენტინამ" მილანის "ინტერი" მიიღო და 3:3 ითამაშა. აღნიშნული შეხვედრის ბოლო წუთები უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, მსაჯმა საფინალო სასტვენი 103-ე წუთზე მისცა.

ამ ყველაფერს კი ვიდეო რეფერის საქმეში ჩართვა და 96-დან მე-100 წუთამდე მსაჯის მიერ ეპიზოდის განხილვა უძღოდა. მთავარმა არბიტრმა, როზარიო აბისომ 2:3-ზე ფლორენციელთა სასარგებლოდ საკმაოდ საეჭვო პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. "ინტერის" მცველ დანილო დ'ამბროზიოს ბურთი ხელზე შეეხო, აბისომ კი ვიდეო გამეორება ძალიან ბევრჯერ ნახა და საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა.

მიმდინარე კვირას მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა აბისოს მსაჯობა და მისი "ინტერზე" უარყოფითი ზემოქმედებაა. შედეგად, დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 33 წლის არბიტრი დასაჯეს და 1 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. აბისო 24 მარტის ჩათვლით ვერ იმსაჯებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ აპრილამდე უსაქმოდ რჩება, რადგან მარტის ბოლოს სანაკრებო მატჩებია, მას კი საერთაშორისო ტურნირებზე მთავარ მსაჯად მუშაობის უფლება ჯერ არ აქვს. ამასთანავე, ახალგაზრდა რეფერი მიმდინარე სეზონში "ინტერის" შეხვედრებს ვეღარ გაუძღვება.

არსებობს ვარაუდი, რომ როზარიო აბისოს სიმპათიები "მილანის" მიმართ აქვს. იტალიურ ინტერნეტსივრცეში მისი ბავშვობის ფოტო გავრცელდა, რომელშიც "როსონერის" ფორმაშია გამოწყობილი.

აბისომ გასული სეზონის საწყის ტურებში "მილანისა" და "სპალის" მატჩი იმსაჯა - "როსონერიმ" ის დაპირისპირება 2:0 მოიგო და ორივე გოლი პენალტიდან გაიტანა. ამ გუნდებს შორის გამართული წლევანდელი შეხვედრაც აბისოს მიანდეს - 29 დეკემბერს მილანელებმა ფერარელებს 2:1 აჯობეს. თუმცა, ამ თამაშის ბოლო წუთებზე ახალგაზრდა მსაჯმა "შავ-წითელთა" ერთ-ერთი ლიდერი, სუსო გააძევა.

 

მას შემდეგ, რაც სერია A-ში დააწინაურეს, როზარიო აბისომ "მილანის" მონაწილეობით 4 ტურში იმსაჯა. მას, 2-ჯერ "კალიარი"-"მილანის" და ასევე 2-ჯერ "მილანი"-"სპალის" შეხვედრების განსჯა მოუწია. მილანელებმა "კალიარისთან" ხსენებული მატჩებიდან 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს, "სპალს" კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მოუგეს.

რაც შეეხება აბისოსა და "ინტერს", მათი გზები 4-ჯერ გადაიკვეთა - "ნერაძურიმ" ერთხელ მოიგო (წელს - "უდინეზესთან"), 2-ჯერ ფრედ ითამაშა და ერთხელაც წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები