Aa
Aa

კასანო: „თქვენი ქმრის მოვალეობაა, გუნდს ემსახუროს" - ვანდა: "ამ ნონსენსზე საუბარი საკმარისია"

მაურო იკარდის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს დასასრული არ უჩანს და გუშინ ამ საპნის ოპერის მორიგი სერია შედგა. იტალიის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემა “ტიკი-ტაკაში“, რომელიც იტალიურ საფეხბურთო თემებს შედარებით უფრო „ყვითლად“ განიხილავს, სტუმრად ანტონიო კასანო იყო მიწვეული, ამ გადაცემის წამყვანი კი იკარდის მეუღლე და აგენტი - ვანდა ნარაა.

ბუნებრივია, ჩაწერის მიმდინარეობისას ერთ-ერთი თემა იკარდის ეხებოდა, რაზეც კითხვა თავად ვანდამ დასვა, კასანომ მას განუცხადა: „თქვენი ქმრის მოვალეობაა, რომ „ინტერს“ ემსახუროს, ეს ნათელია. მან უნდა მონახოს გზა, რათა გასახდელში არსებულ პრობლემებს ფარდა აეხადოს. ბოდიშის მოხდა და ივნისამდე სიტუაციის დალაგება მართებს“.

კასანოს კომენტარმა ნარას გულისწყრომა გამოიწვია, მან იკარდის გამო „ინტერის“ გასახდელში არსებული კონფლიქტი უარყო.

„ამ ნონსენსზე საუბარი საკმარისია. მას არაფერი გაუფუჭებია და ყოველდღიურად „ინტერის“ დარბაზში აღდგენით პროცესს გადის. ეს ყველაფერი მხოლოდ შექმნილი დრამაა, მას არაფერი დაუშავებია. ყოველთვის, როცა მაუროს არჩევანი ჰქონდა, ის „ინტერში“ დარჩენას ირჩევდა. ის „ინტერისტაა“.

კასანო „ინტერის“ საამსეზონო მიზნებს შეეხო და აღნიშნა, რომ იკარდის გუნდის დახმარება მართებს.

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში აუცილებლად უნდა მოხვდეს, რისთვისაც იკარდის გოლები სჭირდება. თუ გუნდი ამ მიზანს ვერ მიაღწევს, „ნერაძურის“ პრობლემები ექნება, ეს პრობლემები კი მაუროსაც შეეხება“.

შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და იგი 10 დღეზე მეტია ტრავმის მიზეზით გუნდს ჩამოშორებულია. იტალიური პრესა კონფლიქტის ორ შესაძლო მიზეზს განიხილავს. ერთი ისაა, რომ ვანდამ თავის გადაცემაში „ნერაძურის“ ფეხბურთელები რამდენჯერმე გააკრიტიკა, რამაც გუნდში იკარდისთან დამოკიდებულება დაძაბა. მეორე ვარიანტი კი იმავე ვანდასა და მარსელო ბროზოვიჩის შესაძლო რომანია. კულუარული ცნობებით, ბროზოვიჩსა და იკარდის ამის გამო კონფლიქტი მოუვიდათ, რამაც გუნდი ორად გახლიჩა და მას შემდეგ ატმოსფეროს გაჯანსაღება ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები