Aa
Aa

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი დაამარცხა!

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაიში საერთაშორისო 500 ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილმა გათამაშების პირველ რაუნდში მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო გეიმში გადაწყდა, 5:4-ზე ნიკამ ბრეიკი შეასრულა და პარტია სათავისოდ დაასრულა. გაცილებით იოლი და მოკლე გამოდგა მეორე სეტი, რომელშიც ბასილაშვილის უპირატესობა აშკარა იყო და მან რუს მეტოქეს 6:4; 6:1 აჯობა.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ახლახანს 27 წლის გახდა, 5 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 27-დან 23, ხოლო მეორეზე 32-დან 18 ქულა მოიგო. მან მეტოქეს ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა, თავად კი მისი მოწოდება 3-ჯერ აიღო.

შედეგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი ხმაურიანი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, კარენ ხაჩანოვი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჩოგბურთელად ითვლება და ნოემბერში პარიზის მასტერსის მოგება შეძლო.

ბასილაშვილი მომდევნო წრეში რობერტო ბაუტისტა აგუტისა და რანკუმან რამანათანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე დღეს გამოქვეყნებულ ATP-ს ახალ რეიტინგში მე-19 ადგილზეა.

ნიკა ოდნავ მოგვიანებით წყვილთა შორისაც ითამაშებს და ავსტრალიელ მეტიუ ებდენთან ერთად, კლაასენი/ვენუსის უაღრესად გამოცდილ და მაღალი დონის დუეტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები