Aa
Aa

ფედერერი კარიერის მე-100 ტიტულის მოგებას დუბაიში ეცდება

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, როჯერ ფედერერი მიმდინარე კვირაში დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს და კარიერაში მე-100 ტიტულის მოგებას შეეცდება.

შვეიცარიელი ვარსკვლავი აღნიშნული გათამაშების 7 გზის ჩემპიონია, ბოლოს მან დუბაიში 2015 წელს იმარჯვა. ფედერერი კორტზე ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველად გავა, იქამდე კი სხვადასხვა თემების შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ვერასდროს ვიფიქრებდი რომ 99 ტიტულის მოპოვება შესაძლებელი იყო. ახლა კი მე-100 ტიტულის მოსაგებად ვიბრძვი და ეს წარმოუდგენელია. დუბაიში ყველაფერს გავაკეთებ რომ გავიმარჯვო და კარიერის მეასე ტიტული მოვიპოვო. გამიხარდება თუ ეს სწორედ დუბაიში მოხდება.“

„თიხნარზე კიდევ ერთხელ თამაში ძალიან მიხარია. ბავშვობაში სწორედ ამ საფარზე ვვარჯიშობდ და ეს ჩემთვის უცხო არაა. სიმართლე გითხრათ, თიხნარზე თამაში ძალიან მიყვარს. მუხლის პრობლემების გამო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი, ნაკლები დატვირთვა მიმეღო და ძირითადად მხოლოდ მყარ და ბალახის საფარზე გამოვდიოდი.

3 წლის წინ მონაკოში და მადრიდში თიხნარზე თამაში ძალიან მომინდა, რის შემდეგაც მადრიდში ტრავმა მივიღე. ამას კი რომსა და პარიზში გამართული მატჩებიც მოჰყვა, თუმცა თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, რადგან ზურგისა და მუხლი ტრავმები მაწუხებდა. ახლა კი, როდესაც ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ თიხნარზე თამაში მინდოდა, მათ მხარი დამიჭირეს და მითხრეს, რომ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ მე რამე ვისურვო და მათ ამის უფლება არ მომცენ. ასე რომ, გუნდისთვის ეს იოლი გადაწყვეტილება იყო, რამაც ძალიან გამახარა”.

აქვე დავამატოთ, რომ 37 წლის ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში თიხის კორტებზეც ითამაშებს, რასაც ბოლო 2 წელი ერიდებოდა.

დუბაიში იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც პირველ რაუნდში რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება. ბასილაშვილი ახალ მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები