Aa
Aa

რიოს ტურნირი - ATP-ს ახალი რეკორდი და დიერეს პირველი ტიტული

ბრაზილიის ქალაქმა რიო დე ჟანეირომ 500-იან საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირს უმასპინძლა. გათამაშება საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ნაკლებად მოსალოდნელი ფინალით დასრულდა.

პირველ ნომრად განთესილმა დომინიკ ტიმმა საწყის რაუნდში სერბ ლასლო დიერესთან წააგო, რომელიც ტურნირზე განუთესავი გახლდათ და საბოლოოდ ტიტულის მოპოვება შეძლო.

დიერე გადამწყვეტ მატჩში 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდა. ამ უკანასკნელმა რეკორდი დაამყარა და ATP-ს 500-იანი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი გახდა.

სერბი ჩოგბურთელი პირველი სეტის მიმდინარეობას დამაჯერებლად აკონტროლებდა და პარტია 6:3 მოიგო, რასაც გაცილებით დაძაბული მეორე სეტი მოჰყვა, რომელიც მაინც დიერეს სასარგებლოდ დასრულდა, საბოლოოდ მან 6:3; 7:5 იმარჯვა.

23 წლის დიერემ სადებიუტო ტიტული მოიგო, ATP-ს ტურნირების ფინალებში იგი საერთოდ პირველად თამაშობდა. შედეგად, გასულ კვირას მსოფლიოს 90-ე ჩოგანი, ახლანდელი რეიტინგის 37-ე პოზიციაზეა. ოჟე-ალიასიმსაც სერიოზული პროგრესი აქვს და იგი დღეს გამოქვეყნებული კლასიფიკაციის 44-ე საფეხურზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები