Aa
Aa

"გაკვირვებული დავრჩი, რომ მან კეპას მოედნიდან გასვლა არ აიძულა"

"სიტისა" და "ჩელსის" გუშინდელ მატჩში მომხდარ ინციდენტს ლონდონელთა ლეგენდარული კაპიტანი, ჯონ ტერიც გამოეხმაურა, რომელმაც Sky Sports-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მაურიციო სარი ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

„სარი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაკვირვებული დავრჩი, რომ მან კეპას მოედნიდან გასვლა არ აიძულა. საინტერესოა, კლუბისთვის მომდევნო 24 საათი როგორი იქნება. როგორც ფეხბურთელი, გუშინდელი მატჩის შემდეგ გასახდელში რომ ვყოფილიყავი, დაველოდებოდი, რომ მწვრთნელი შემოსულიყო და ეპიზოდზე მკაცრი რეაქცია ჰქონოდა.

ეს პრობლემის დასასრული არაა. „ჩელსის“ თავზე ღრუბელია, განსაკუთრებით იმის გამო, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. როგორც შედეგები, ისე გუნდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა, რაც სამწუხაროა. ვნახოთ, ახლა რა მოხდება.

„ტოტენჰემთან“ ოთხშაბათს გასამართი მატჩი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. გუშინდელ თამაშამდე გუნდს დიდი პაუზა ჰქონდა, ახლა კი დაველოდოთ და ერთად ვნახოთ, იქნება თუ არა მოედანზე კეპა მომდევნო შეხვედრებში“.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დამატებული დროის ბოლო წუთებზე მაურიციო სარი პენალტების სერიისთვის მეკარის შეცვლას აპირებდა, თუმცა კეპამ მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა, რამაც იტალიელი სპეციალისტი წყობიდან გამოიყვანა. საბოლოოდ, „ჩელსიმ“ თერთმეტმეტრიანების სერია წააგო და ტიტულიც დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები