Aa
Aa

სარი: "კეპა სიმართლეს არასწორი გზით დაადგა" - კეპა: "ეს ეპიზოდის საუკეთესო სურათი არ იყო"

ინგლისის „კარაბაოს თასის“ ფინალში, „სიტისა“ და „ჩელსის“ შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი მედიის განხილვის მთავარი თემაა. მატჩის დამატებული დროის ბოლო წუთებზე მაურიციო სარი პენალტების სერიისთვის მეკარის შეცვლას აპირებდა, თუმცა კეპამ მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა, რამაც სარი წყობიდან გამოიყვანა. საბოლოოდ, „ჩელსიმ“ თერთმეტმეტრიანების სერია წააგო და ტიტულიც დათმო.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში კეპას ჟურნალისტებთან ინციდენტის შესახებ საუბარი მოუწია, მან მომხდარს გაუგებრობა უწოდა.

„ვიცი, რომ გარედან თქვენ დაინახეთ, თითქოს მე მოედნის დატოვებაზე უარი ვთქვი, თუმცა ეს ეპიზოდის საუკეთესო სურათი არაა. მწვრთნელს უკვე ველაპარაკე და, ვფიქრობ, ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო.

ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში ამ თემას განიხილავენ, მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ განმარტება გავაკეთო. მწვრთნელის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა ჩემი განზრახვა არ ყოფილა.

ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობაა. სამედიცინო შტაბის დახმარება ორჯერ დამჭირდა და მან იფიქრა, რომ თამაშის გაგრძელება არ შემეძლო. მატჩის შემდეგ სარის სწორედ ამაზე ვესაუბრე და ვცადე ამეხსნა, რომ იმ მომენტში კარგად ვიყავი.

სანამ მედიკოსები სათადარიგოთა სკამთან დაბრუნდებოდნენ და მას ყველაფერს კარგად აუხსნიდნენ, 2-3 წუთი გავიდა, ამასობაში კი დაბნეულობა შეიქმნა. იმ მომენტში ვცდილობდი გამომეხატა, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავი“.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას მაურიციო სარი შედარებით დამშვიდებული ჩანდა და ეპიზოდის შესახებ ისეთივე განმარტება გააკეთა, როგორიც - კეპამ.

„ეს დიდი გაუგებრობა იყო. მივხვდი, რომ იგი ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობდა და თამაშის გაგრძელება არ შეეძლო. თუმცა, გაირკვა, რომ პენალტებისთვის მზად იყო. ჩემი აზრით, მან გაიგო, რომ მე შეცვლა ფიზიკური პრობლემების გამო მოვთხოვე, მან კი თქვა, რომ არანაირი დაზიანება არ ჰქონდა.

როცა სამედიცინო შტაბი სათადარიგოთა სკამთან მოვიდა, გავაანალიზე, რომ მეკარეს მცირე პრობლემები ჰქონდა, ამიტომ მინდოდა, კაბალიერო მზად ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უზარმაზარი გაუგებრობა მოხდა. კეპა მართალი იყო, მაგრამ იგი სიმართლეს არასწორი გზით დაადგა. მენტალურად ის მართალია, რადგან პენალტებში მონაწილეობა შეეძლო.

მეორე მხრივ, მან უნდა გაიგოს, რომ ასეთმა გაუგებრობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები მოგვიტანოს, განსაკუთრებით კი თქვენგან, მედიისგან. ერთადერთი რისი ახსნაც მინდა ისაა, რომ კეპასთან დაკავშირებით სხვა პრობლემა არ არსებობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები