მონჩის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩაკვეტაძეა
Aa
Aa

მონჩის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩაკვეტაძეა

იტალიური ''რომას'' ტექნიკური დირექტორი მონჩი გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას ეცდება, იტალიური კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს 19 წლის ქართველი ტალანტის შეძენის დიდი სურვილი აქვს. ინფორმაციას Sport Mediaset-ი ავრცელებს. ''რომას'' დაინტერესების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია გასული წლის დეკემბერშიც გავრცელდა. აღნიშნული წყაროს ცნობით შემდეგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ჩაკვეტაძე ''რომას'' ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

მონჩისთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, ბრიტანული მედიის ცნობით მონჩი შესაძლოა ლონდონის ''არსენალის'' დირექტორი გახდეს. როგორც SkySports-ი იუწყება, ''მეთოფეებმა'' მონჩის სამსახური შესთავაზეს, მაგრამ უცნობია რას გეგმავს წინადადების ადრესატი. მონჩის ლონდონურ კლუბში გადაბარგების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მას ქართველი ფეხბურთელის ჩრდილოლონდონურ კლუბში ხილვა მოუნდეს.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძის გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან ლონდონის ''ტოტენჰემი,'' ''ლაციო'' და გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერი ''დორტმუნდი.'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მიმართ ინტერესს ''გლადბახიც'' ამჟღავნებს.

გარდა ამისა ''გენტის'' 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა გენუის ''სამპდორიას'' ფეხბურთელი გახდეს. voetbalnieuws-ის ცნობით ''სამპდორია'' ქართველის სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე გადაიხდის და ჩაკვეტაძის ტრანსფერი ბელგიური გუნდის ისტორიაში სარეკორდო იქნება.

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელი ოთხი ტურის მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მთავარი მწვრთნელის განცხადებით ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები