Aa
Aa

ატლეტიკო VS იუვენტუსი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში, მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკომ“ „იუვენტუსი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ესპანელთაგან ორმა ცენტრალურმა მცველმა - ხოსე მარია ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გამოიჩინეს თავი და საკუთარ გუნდს განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა შეუქმნეს.

თამაშის პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და გუნდები მომენტების შექმნას შორეული დარტყმების დახმარებით ცდილობდნენ. მეორე ნახევარში კი „ათლეტები“ უპირატესობას დაეუფლნენ, რამდენიმე საგოლე ეპიზოდისა და არჩათვლილი გოლის შემდეგ, 78-ე წუთზე ხოსე მარია ხიმენესმა ისინი დააწინაურა, რასაც ხუთ წუთში დიეგო გოდინის გოლი და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა. „როხიბლანკოს“ კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

დიეგო სიმეონემ მეტოქის კარში გატანილი პირველი გოლისას ემოციები ვერ მოთოკა და უხამსი ჟესტი გააკეთა, რისთვისაც, შესაძლოა, ჯარიმა ან დისკვალიფიკაცია დაეკისროს. თუმცა, ამან არგენტინელს ხასიათი ვერ გაუფუჭა, იგი კმაყოფილი იყო და კომენტარი ხსენებულ ეპიზოდზეც გააკეთა.

სიმეონე: „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასამართი, რომელიც ჩვენთვის მარტივი გასეირნება ნამდვილად არ იქნება. იუვენტუსი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დიდებული გუნდია. რაც შეეხება ჩემს ჟესტს. სიმართლე ისაა რომ მე ყველაფერი ვიგრძენი. რადგან კოშტას და კოკეს თვენახევრის მანძილზე არ უთამაშიათ და ასეთ მატჩში ისინი ძირითად შემადგენლობაში დავაყენე. მსგავს გადაწყვეტილებას კვერცხები სჭირდება. მორატას გოლთან დაკავშირებით კი იმას ვიტყვი, რომ ვიდეო რეფერის არსებობა ყველა სიტუაციაში გეხმარება და მსაჯი მაქსიმალურად სწორ გადაწყვეტილებას იღებს. თუ იმის მართლა გჯერათ რომ კიელინი, 1,87 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი, გოლის მომენტში ბუნებრივად დაეცა, მაშინ სალაპარაკო არაფერი მაქვს. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კი კმაყოფილი ვარ, რადგან მათ იგრძნეს თუ რას ნიშნავს მადრიდის ატლეტიკო. ასე რომ ბედნიერი ვარ.“

განმეორებითი მატჩის წინ ურთულეს მდგომარეობაშია „იუვენტუსი“, რომელსაც სხვაობის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ „ატლეტიკოს“ იტალიური კლუბების წინააღმდეგ სიმეონეს ხელმძღვანელობით არასდროს წაუგია და ეს სერია უკვე 10 შეხვედრას ითვლის.

მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი იმაზე ცუდად უბრალოდ ვერ ითამაშებდა, როგორც ეს მეორე ტაიმში გააკეთა.

ალეგრი: „რონალდუმ კარგი შეხვედრა ჩაატარა. ის მსგავს მატჩებს მიჩვეულია და არ მგონია რომ იმედგაცრუებული იყოს. მეორე ტაიმში მთელმა გუნდმა ვერ ითამაშა და რა თქმა უნდა ეს მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. იმაზე ცუდად უბრალოდ ვერ ვითამაშებდით, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ.

მადრიდის ატლეტიკო უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომ მათთან თამაში ყველას უჭირს. ეს კი ატლეტიკოს ძლიერი მხარეა. პირველ ტაიმში მათი მეკარე ბურთს თითქმის არ შეხებია და ეს დიდი პლუსია. ისინი ყველა მომენტში იბრძვიან. ატლეტიკოსთან თამაშისას მოთმინება, სისწრაფე, სიზუსტე და ცოტა ეშმაკობაა საჭირო, რადგან ეს გუნდი ყველასგან განსხვავდება.“

„იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ საპასუხო შეხვედრას 12 მარტს, ტურინის „ალიანც სთედიუმზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები