Aa
Aa

"ტესტმა არანაირი დაზიანება არ აჩვენა" - "ინტერმა" იკარდი ტყუილში ამხილა

მილანის "ინტერისა" და მაურო იკარდის გარშემო ატეხილი სკანდალი არ ცხრება და იტალიური პრესის ბოლოდროინდელი მთავარი თემა სწორედ ესაა. ყოველდღიურად უამრავი სტატია იწერება, დღეს კი თავად "ინტერმა" გააკეთა განცხადება, რომელიც ფეხბურთელის მიერ ტრავმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აქარწყლებს.

"მარჯვენა მუხლის ტკივილის მიზეზით, მაურო იკარდიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ტესტმა არანაირი დაზიანება არ აჩვენა, ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც სეზონის დაწყებამდე გავლილი სამედიცინო შემოწმებისას". - ვკითხულობთ "ნერაძურის" ოფიციალურ საიტზე.

გასულ კვირას, არგენტინელმა თავდამსხმელმა "რაპიდთან" გასამართი მატჩის წინ მუხლის ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ გუნდს ავსტრიაში სწორედ ტრავმის გამო არ მიჰყვებოდა, კლუბის ეს განცხადება კი, გასაგებია, რომ ამ ყველაფრის საპირისპიროდ მეტყველებს და იკარდის ტყუილში ამხელს.

26 წლის სამხრეთ ამერიკელის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ ერთ-ერთ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, რომ იკარდი ახლა იტანჯება და იგი კაპიტნის სამკლაურის გარეშე არ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ნარა ინტერვიუს პროცესში ატირდა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" მაურო იკარდის კაპიტნობა ჩამოართვა, რის კულუარულ მიზეზადაც თანაგუნდელებთან კონფლიქტი სახელდება. პრესაში იმასაც წერენ, რომ საქმე კონკრეტულად მარსელო ბროზოვიჩს ეხება, რომელთანაც არგენტინელს მეუღლემ უღალატა, რამაც მასსა და იკარდის შორის კამათი და გუნდის ორ ბანაკად გაყოფა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები