Aa
Aa

ოსაკამ პირველი ჩოგნის სტატუსით პირველად ითამაშა და... უშანსოდ წააგო!

დიდი სლემის ბოლო 2 ტურნირის, ამერიკისა და ავსტრალიის ღია პირველობების გამარჯვებულმა, ნაომი ოსაკამ მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში პირველივე შეხვედრა წააგო.

იაპონელმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას მისი მწვრთნელი, საშა ბაინი დაითხოვა, რაც ბევრს გაუკვირდა, რადგან 21 წლის ოსაკამ კარიერის ორ უდიდეს წარმატებას სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია.

ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შედეგად, ოსაკა მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა, გუშინ კი ამ სტატუსით პირველი მატჩი დუბაის ტურნირზე ჩაატარა. მისი მოწინააღმდეგე ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი გახლდათ, რომელიც WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 67-ე ადგილზეა.

გუშინდელი შეხვედრა მლადენოვიჩის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე დამაჯერებელი გამარჯვებით - 6:3; 6:3 დასრულდა. ტანმაღალი ფრანგი მომდევნო რაუნდში ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს შეხვდება.

წაგების მიუხედავად, ოსაკა მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციას შეინარჩუნებს. იგი მეორეადგილოსან სიმონა ჰალეპს 1433 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები