Aa
Aa

ლივერპული VS ბაიერნი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და უგოლო ფრით დაშორდა.

მატჩის პირველ 45 წუთში ინგლისელები დომინირებდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს, მეორე ნახევარში კი გარისკვას ორივე გუნდი ერიდებოდა. გერმანელებმა ბურთის დაჭერაზე გააკეთეს აქცენტი, „ლივერპული“ კი შანსს ელოდებოდა.

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ამბობს, რომ მის გუნდს სიტუაციის გამოსასწორებლად 3 კვირა აქვს, 0:0 კი ფრეებს შორის ყველაზე კარგია.

კლოპი: „ბევრი ისეთი მომენტი იყო, რაც ბაიერნის მატჩებში აქამდე არ ჩანდა. მცველები საკუთარ ნახევარზე რჩებოდნენ და თავს იცავდნენ. გნაბრი კი ფლანგზე არაჩვეულებრი სამუშაოს ასრულებდა. ასე რომ მოწინააღმდეგეს ჩვენი პატივისცემა ეკუთვნის, მათ ხომ ცხოვრება გაგვირთულეს. ამ სიტუაციაში ვფიქრობ ბაიერნი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, თუმცა ჩვენ 3 კვირა გვაქვს, რომ ჩვენს თავზე ყოველდღიურად ვიმუშაოთ, 0:0 ხომ საუკეთესო ფრეა. განმეორებითი შეხვედრა ორმაგად რთული იქნება.“

რაც შეეხება „რეკორდმაისტერს“, მან სტუმრად არ წააგო, რაც თავისთავად დადებითი რეზულტატია, თუმცა ნულოვანი ფრე უაღრესად სახიფათო ანგარიშია. ეს იცის ნიკო კოვაჩმა, რომელიც აცხადებს, რომ მის გუნდს განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა აქვს.

კოვაჩი: „მართალია გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ არც გაგვიშვია. ახლა უკვე საკუთარ მოედანზე თამაში გვიწევს და ეს ჩვენი უპირატესობაა. 75,000 გულშემატკივარის წინაშე ვითამაშებთ და ვიცით, რომ მათ მხოლოდ მოგება სჭირდებათ. ამ ეტაპზე გუნდებს შორის მცირე განსხვავებაა. ორი მატჩის ჯამში, გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ერთმა გოლმა გადაწყვიტოს. ასე რომ დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. უშუალოდ შეხვედრა, ვფიქრობ კარგად ჩავატარეთ. დასამალი არაფერია, ლივერპული მაღალი დონის გუნდია. გასულ წელს მათ ფინალში ითამაშეს. ჩვენც მაღალი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერაფერი მოვიგეთ. განმეორებით შეხვედრაში 100%-ით დავიხარჯებით.“

„ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ განმეორებითი მატჩი 13 მარტს, მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები