Aa
Aa

მატჩის წინ - ლივერპული VS ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე სათამაშო კვირა დღეს გაიხსნება და მისი მთავარი მატჩი ლივერპულშია, სადაც „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუხვდება. გუნდები ერთმანეთს 2001 წლის უეფას სუპერ თასზე შეხვდნენ, როცა ინგლისელებმა მოიგეს და ტიტულსაც დაეუფლნენ.

იურგენ კლოპის გუნდი ბოლო დროს მთლად იდეალურ ფორმაში ვერაა და „ლესტერთან“ და „ვესტ ჰემთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. სამაგიეროდ, თამაშს დასვენებული ხვდება, რადგან ბოლო შეხვედრა „ბორნმუთთან“ 9 თებერვალს ჩაატარა. „ლივერს“ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და ვირხილ ვან დიიკი არ ეყოლება, მცირე ტრავმა აქვს დეიან ლოვრენსაც, ამიტომ დაცვის ცენტრში მატიპი-ფაბინიოს დუეტს ელოდებიან.

იურგენ კლოპი: „ბაიერნის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ მზად ვართ. ყურადღება მთელი მატჩის განმავლობაში არ უნდა მოვადუნოთ, თორემ გამარჯვების შანსი არ გვექნება. იმისთვის რომ ჩემპიონი გახდე გუნდში ახალი სისხლი და გამოცდილება უნდა იყოს. ბაიერნი ჩემპიონობას 6 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა და დღეს მათ ჩემპიონის მენტალიტეტი შეიძლება არ გააჩნიათ, თუმცა ძველი დიდების დაბრუნება უნდათ. სწორედ ამის გამო „ბაიერნი“ დღეს უფრო საშიში მგონია ვიდრე ოდესმე".

საკმაოდ კარგ სვლაზეა ნიკო კოვაჩის „ბაიერნი“, რომელმაც „დორტმუნდთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თუკი გერმანიის თასზე წაგებებს არ ჩავთვლით, „რეკორდმაისტერი“ 10 ნოემბრის შემდეგ აღარ მარცხდება.

მიუნხენელებმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგს“ სტუმრად მოუგეს, თუმცა ეს თამაში პარასკევს გაიმართა და გუნდს დასასვენებლად 3 სრული დღე ჰქონდა. „ბაიერნს“ დისკვალიფიკაციის გამო ტომას მიულერი, ხოლო ტრავმების გამო ჟერომ ბოატენგი, არიენ რობენი და კორენტინ ტოლისო ვერ ითამაშებენ.

ნიკო კოვაჩი: „მოედანზე შესანიშნავ ატმოსფეროს ველი, რასაც ჩემი ფეხბურთელები შეჩვეულები არიან. ლივერპულს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ. აუგსბურგისა და ჰერტას წინააღმდეგ გამართულ ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ ჩვენ კონცენტრაციის მოხდენა შეგვიძლია და მოწინააღმდეგის შეტევებს გავუმკლავდებით, შემდეგ კი ჩვენი თამაშის ჩვენებას ვეცდებით და ვნახოთ სასურველ შედეგს მივაღწევთ თუ არა".

„ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება და მისი მსაჯი იტალიელი ჯანლუკა როკი იქნება. გუნდები საპასუხო მატჩს 13 მარტს მიუნხენში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები