Aa
Aa

უცნაური შემთხვევა იტალიის სერია C-ში

კვირას, სერია C-ში არასაფეხბურთო ანგარიში დაფიქსირდა. „კუნეომ“ საკუთარ მოედანზე „პრო პიაჩენცა“ მიიღო და 20-0 სძლია. მასპინძლებმა პირველ ნახევარში 16 გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში კი მხოლოდ და მხოლოდ 4-ს დასჯერდნენ.

„პრო პიაჩენცას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და იმის გამო, რომ სერია C-დან დისკვალიფიკაცია თავიდან აერიდებინა, მოედანზე მინიმუმ 7 ფეხბურთელი უნდა გამოეყვანა.

„პრო პიაჩენცა“ ზუსტად ასე მოიქცა და მოედანზე 7 მოთამაშით წარსდგა. მთავარი მწვრთნელის ფუნქციები კი გუნდის კაპიტანმა, ნიკოლა ჩირილიანომ, შეითავსა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შვიდივე ფეხბურთელის ასაკი 16-დან 19 წლამდე მერყეობდა.

„კუნეოს“ 24 შეხვედრაში 18 გოლი ჰქონდა გატანილი. ამ მატჩამდე კი საკუთარ მოედანზე მეტოქე გუნდების კარის აღება მხოლოდ 8-ჯერ შეძლო. მასპინძელთა მხრიდან 5 გოლი ედოარდო დეფენდიმ გაიტანა, ჰიკამ კანისმა კი 6 ბურთი შეაგდო.

ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ, “Sport Piacenza“-მ შეხვედრას „ფარსი“ უწოდა და მატჩის მიმდინარეობის გაშუქება პირველი ნახევრის შემდეგ შეწყვიტა.

ასევე იხილეთ - "კარდიფი" ემილიანო სალას ტრანსფერის გამოძიებას ითხოვს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები