Aa
Aa

ფანები - იკარდის: "ყველა ჩემპიონი ან წმინდანი არ ყოფილა, თუმცა კაცები იყვნენ“

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის განცხადებით, „სამპდორიასთან“ მიღწეული გამარჯვება, მაურო იკარდიმ გუნდთან ერთად არ იზეიმა. არგენტინელი თავდამსხმელი აღნიშნულ შეხვედრას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, „ინტერის“ გულშემატკივარი კი მათ სტვენით შეეგება.

ნამდვილად მადლიერი ვარ, რომ ის სტადიონზე იმყოფებოდა, თუმცა კიდევ უფრო გამიხარდებოდა, თუკი გასახდელში ჩამოვიდოდა და წარმატებას გუნდთან ერთად იზეიმებდა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ის კი ამ გუნდის ნაწილია. ვიფიქრე, რომ იგი ამ მოგებით ისეთივე ბედნიერი იქნებოდა, როგორც - ჩვენ ვიყავით.

რამდენიმე ნაბიჯით მეტის გადადგმა დასჭირდებოდა, რათა გასახდელში ჩამოსულიყო და ამ შესანიშნავი გუნდის წევრობა შეეგრძნო, „ინტერის“ მაისურის ტარება უდიდესი პატივია.

გვსურს, რომ ნორმალურ რიტმში ჩავჯდეთ. გუნდსა და მის გასახდელში ჩვეული რეჟიმით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“. - განაცხადა სპალეტიმ.

მაურო იკარდის რამდენიმე დღის წინ „ინტერის“ კაპიტნობა ჩამოართვეს, რის მიზეზადაც თანაგუნდელებთან უთანხმოება სახელდება. იტალიური პრესა საამისოდ ორ მიზეზს განიხილავს. ვანდა ნარა ერთ-ერთი იტალიური საფეხბურთო გადაცემის წამყვანია, რომლის მეშვეობითაც „ნერაძურის“ ფეხბურთელები რამდენჯერმე გააკრიტიკა, რამაც გუნდში იკარდისთან დამოკიდებულება დაძაბა. მეორე ვარიანტი კი იმავე ნარასა და მარსელო ბროზოვიჩის შესაძლო რომანია. კულუარული ცნობებით, ბროზოვიჩსა და იკარდის ამის გამო კონფლიქტი მოუვიდათ, რამაც გუნდი ორად გახლიჩა და მას შემდეგ ატმოსფეროს გაჯანსაღება ვერ ხერხდება.

გუშინდელი მატჩისას „შავ-ლურჯთა“ ტიფოზებმა სპეციალური ბანერებიც გამოფინეს, ერთ-ერთ მათგანზე კი ასეთი რამ ეწერა: „ბევრ ფეხბურთელს გაუმართლა და ჩვენი გუნდის მაისური მოირგო, მათგან ზოგი ლეგენდა იყო, ზოგი კი უბრალო პროფესიონალად რჩებოდა. ამიტომაა, რომ არასდროს დაგვავიწყდება ვალტერ ძენგა, ნიკოლა ბერტი, ივან სამორანო, ხულიო კრუზი, დიეგო სიმეონე, მარკო მატერაცი, სამუელ ეტოო. ყველა მათგანი ჩემპიონი ან წმინდანი არ ყოფილა, თუმცა კაცები იყვნენ“.

ჯერჯერობით დაუდასტურებლად იწერება იმის შესახებაც, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა „იუვენტუსთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ის ზაფხულში სწორედ ტურინელთა რიგებში გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები