Aa
Aa

TOP 5 ჩემპიონატში რამოსმა ანტირეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 24-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ჟირონასთან“ 1:2 წააგო, მისმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა კი ევროპის მასშტაბით ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

64-ე წუთზე, რამოსმა ხელით თამაშისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც თამაშის ბოლოს პედრო ალკალას წაქცევა და „სამეფო კლუბის“ მცველის გაძევება მოჰყვა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში რამოსი მე-20-ედ გააძევეს, რაც ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით, ახალი ანტირეკორდია. 19 წითელი ბარათით, აქამდე რამოსთან აღნიშნულ ანტირეკორდს „ბორდოს“, „ნიცასა“ და „მარსელის“ ყოფილი მოთამაშე, კირილ რული ინაწილებდა.

16 გაძევებით, იტალიის სერია A-ს ანტირეკორდი პაოლო მონტეროს ეკუთვნის, პრემიერ ლიგაში 8-ჯერ რიჩარდ დანი, დანკან ფერგიუსონი და პატრიკ ვიეირა გააძევეს, გერმანიის ბუნდესლიგაში კი ასევე 8 წითელი ბარათი იენს ნოვოტნიმ დაიმსახურა.

სერხიო რამოსს კარიერაში უკვე 25 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ლა ლიგის გარდა, იგი 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მატჩისას გააძევეს, ხოლო 2-ჯერ - ესპანეთის თასის. 25 გაძევება ნიშნავს, რომ რამოსი „რეალის“ ისტორიაში მის გარდა ყველაზე მეტჯერ გაძევებული ფეხბურთელების მაჩვენებელს 2-ზე მეტჯერ აჭარბებს. ფერნანდო იერომ მოედანი ვადაზე ადრე 12-ჯერ დატოვა, გუტის კი ამის გაკეთება 10-ჯერ მოუწია.

საინტერესოა, რომ გამოცდილ მცველს ესპანეთის ნაკრების მაისურით 161 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა იქ წითელი ბარათი არ დაუმსახურებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები