Aa
Aa

ძლიერი ქარი და 4 ლელო - "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი დაამარცხეს!

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ავჭალაში ესპანეთს უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა.

პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" შეტევებით დაიწყო და მე-14 წუთზე გორგაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რომელიც აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა .

ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ ესპანელებმა იგდეს და 23-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხეს, რომელიც ვერ გარდასახეს.

შვიდი წუთის შემდეგ მილტონ ჰეიგის გუდმა ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა. ლელოს ავტორი ჩილაჩავა გახდა.

ამჯერად თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა, რაც ძლიერი ქარის ბრალი იყო, რომელმაც მატჩს გარკვეულწილად დაღიც დაასვა.

მეორე ნახევრის მე-12 წუთზე ესპანელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. წელს ზემოთ სახიფათო ბოჭვის გამო მსაჯმა სტუმართა მოთამაშეს ყვითლი ბარათი უჩვენა.

ესპანელები მალე მოედანზე ცამეტნი დარჩნენ, რის შემდეგაც ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა და ვასილ ლობჟანიძემ შეხვედრაში მესამე ლელო დადო. აბჟანდაძის გარდასახვა კი კვლავ ქარმა წაიღო.

ბორჯღალოსნებმა მეტოქეზე დაწოლა გაზარდეს. გორგაძის კარგი პასის შედეგად ქერდიყოშვილმა სადებიუტო ლელო დადო .

შეხვედრის მიწურულს ესპანელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა ამას შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია - 24:10.

ცუდმა ამინდმა შეხვედრას დაღი დაასვა, თუმცა ქომაგებმა 4 ლელო მაინც იხილეს. "ბორჯღალოსნებმა" მორიგი მატჩი მოიგეს. მილტონ ჰეიგმა კი შემადგენლობა გადაახალისა და შანსი ბევრ ახალგაზრდას მისცა.

ფოტო - Georgian Rugby

ასევე იხილეთ - მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

ცხელი ამბები