ჰიუპია: ''ბაიერნს'' კონტრშეტევისას თავის დაცვა უჭირს''
Aa
Aa

ჰიუპია: ''ბაიერნს'' კონტრშეტევისას თავის დაცვა უჭირს''

''ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელი, გუნდის ლეგენდა სამი ჰიუპია Liverpool Echo-ს მიუნხენის ''ბაიერნის'' და ''მერსისაიდული'' კლუბის მომავალ დაპირისპირებაზე ესაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, 20 თებერვალს, ''ლივერპული'' მიუნხენის ''ბაიერნს'' უმასპინძლებს. მატჩი ''ენფილდზე'' გაიმართება. საპასუხო შეხვედრა  ''ალიანს არენაზე'' 14 მარტს შედგება.

სამი ჰიუპია: ''მიუნხენის ''ბაიერნს'' მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში საქმე კარგად არ მისდის, თუმცა გერმანული კლუბი საშიში მეტოქეა.

მოწინააღმდეგე გუნდის დაუფასებლობის უფლება არ გვაქვს, ორივე თამაშში მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ. ვირჯილ ვან დაიკი შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ამ ფაქტით ძალიან დამწუხრებული არ ვარ, რადგან მისი უთამაშებლობა სხვა ფეხბურთელს მისცემს შანსს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს. გუნდში არიან  ფეხბურთელები, რომლებიც ჰოლანდიელს შეცვლიან.''

45 წლის ფინელმა სპეციალისტმა საფეხბურთო კარიერის დასკვნითი ნაწილი ლევერკუზენის ''ბაიერში'' გაატარა, 2012-14 წლებში კი ''ფარმაცევტთა'' მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სკანდინავიელი, რომელმაც ''ენფილდზე'' 10 წელი გაატარა, ბუნდესლიგის გუნდიდან წამოსვლის მიუხედავად გერმანულ ფეხბურთელს თვალს ყურადღებით ადევნებს.

''ბაიერნს'' ძალიან კარგად ვიცნობ. ჩემი აზრით გერმანული კლუბის სისუსტე კონტრშეტევებისას თავის დაცვაა. ''ლივერპულს'' კონტრშეტევებზე თამაში ცუდად არ გამოსდის, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ორივე მატჩში შეგვიძლია გოლის გატანა.''

ჰელსინკიდან 50 კმ-ში მდებარე ქალაქ პორვოოში დაბადებული ფინელი მცველი 1995-99 წლებში ჰოლანდიური ''ვილემ II''-ის ღირსებას იცავდა. ეს მისი პირველი უცხოური კლუბი იყო. 1999 წლის მაისში 2,6 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ჰიუპია ''ლივერპულის'' ფეხბურთელი გახდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. მან ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ მოიგო, ასევე ორჯერ გახდა ევროპის სუპერთასის გამარჯვებული. გარდა ამისა მას მოგებული აქვს, როგორც უეფას თასი (ევროპა ლიგა), ასევე ჩემპიონთა ლიგა.

ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ ერთხელ, 1999 წლის ნოემბერში დასახელდა. ჰიუპია ფინეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ათჯერ დასახელდა, რაც შთამბეჭდავი შედეგია. 2001 წელს ჰიუპია უეფას წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. კარიერის მიწურულს, ბუნდესლიგაში ასპარეზობისას 2009-10 წლების სეზონის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში ვიხილეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები