Aa
Aa

რასელ უესტბრუკის ისტორიული შედეგი

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა ვარსკლავის უქმეების წინ ბოლო შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით დიდ ინტერესს ნიუ ორლეანში ჩატარებული დაპირისპირება იწვევდა, სადაც ადგილობრივი „პელიკანსი“ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ოკლაჰომას“ შეერკინა.

„თანდერს“ 4 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. მიუხედავად მარცხისა „პელიკანსთან“ შეხვედრა რასელ უესტბრუკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. „ოკლაჰომას” 30 წლის გამთამაშებელმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაამყარა. პლუს ამას მან „თანდერისა“ და „სიეტლ სონიქსის“ საუკეთესო მექულეთა სიაში გარი პეიტონს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ამერიკული გამოცემების ცნობით უესტბრუკს „ოკლაჰომას“ მაისურით 18247 ქულა აქვს ჩაგდებული. რაც შეეხება რეკორდს, რასელმა სამმაგი დუბლი მიჯრით მეთერთმეტედ მიითვალა და აქტივში 44 ქულა, 14 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

„პელიკანსთან“ წაგება „ოქეისისთვის“ წლევანდელ სეზონში მეოცე გამოდგა. უესტბრუკი და კომპანია დასავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციას იკავებენ და შემდეგ შეხვედრას 23 თებერვალს, საკუთარ მოედანზე, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები