სერხიოს ფანდი აღარ გაუვა? რამოსმა ლიგაზე 1-ის ნაცვლად შესაძლოა 2 მატჩი გამოტოვოს
Aa
Aa

სერხიოს ფანდი აღარ გაუვა? რამოსმა ლიგაზე 1-ის ნაცვლად შესაძლოა 2 მატჩი გამოტოვოს

„ამსტერდამ არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ „აიაქსს“ 2:1 სძლია და მომდევნო ეტაპთან ერთი ნაბიჯი აშორებს.

როდესაც მადრიდელებმა მეორე გოლი გაიტანეს და თავიანთი საქმე შეასრულეს, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც „ბლანკოსის“ კაპიტანი განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.

ეს ყველაფერი ისე ჩანდა, რომ რამოსმა თითქოს განზრახ იუხეშა. რატომ? იმიტომ, რომ მეოთხედფინალისთვის ბარათებისგან თავისუფალი ყოფილიყო.

სერხიო რამოსს ამით ველოსიპედი ნამდვილად არ გამოუგონია. ასეთ ხერხს მოთამაშეები ხშირად მიმართავენ ხოლმე.

საქმე იმაშია, რომ 32 წლის ესპანელმა მსგავსი რამ 2010 წელსაც გააკეთა და მაშინაც მათი მეტოქე „აიაქსი“ იყო.

ყველას კარგად ახსოვს მოურინიოს „მახვილგონივრული გეგმა“. ჟოზემ თადარიგში მყოფ დუდეს ყურაში რაღაც უთხრა, პოლონელმა მეკარემ კასილასთან მიირბინა, ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი რამოსს გადასცა, რის შემდეგაც სერხიო და ჩაბი ალონსო გააძევეს...

ასეთი „წარმოდგენის“ დადგმის შემდეგ მოურინიო 2 მატჩით დასაჯეს, რომლიდანაც მხლოდ ერთი გამოტოვა და შემდეგ დაბრუნდა. პლუს ამას ფულადი ჯარიმა 40 ათასი ევრო.

ასევე დააჯარიმეს რამოსი, დუდეკი, კასილასი და ალონსოც, თუმცა მათ მატჩები არ გამოუტოვებიათ.

როგორც ბრიტანული და ეპსანური გამოცემები წერენ, რამოსი ამჯერად ვეღარ გამოძვრება და „აიაქსთან“ მიღებული ყვითელი ბარათი, შესაძლოა ერთის ნაცვლად ორი შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალის“ კაპიტანი მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებაში გუნდს ვერ დაეხმარება.

ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა, თავად რამოსი კი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ასევე იხილეთ - 4-დან 12 მატჩამდე - ბეილს "ატლეტიკოსთან" გოლის აღნიშვნა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები