დანების ტრიალი და სისხლისღვრა რომში -
Aa
Aa

დანების ტრიალი და სისხლისღვრა რომში - "ლაციოსა" და "სევილიას" ფანებმა იჩხუბეს

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის გამორჩეული წყვილის, „ლაციოსა“ და „სევილიას“ დაპირისპირება მოედანს გარეთ დაიწყო და გუნდების გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს.

იტალიის დედაქალაქში ჩასულ ესპანელებს მასპინძლებთან შეტაკება გუშინ საღამოს მოუხდათ, რის შედეგადაც 4 ადამიანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის 1 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ირგვლივ სიმშვიდე იყო, მოულოდნელად კი ყვირილისა და მინის მსხვრევის ხმა გავიგეთ. ფანჯარას მივვარდით და დავინახეთ, რომ ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები რამდენიმე ბიჭს ურტყამდნენ“. - განუცხადა ერთ-ერთი ადგილობრივი ბარის მფლობელმა იტალიურ პრესას.

როგორც ირკვევა, შეტაკება კოლიზეუმის სიახლოვეს მოხდა, სადაც პოლიცია მალევე გამოჩნდა და ჩხუბი აღკვეთა. სამართალდამცავთა ოქმში წერია, რომ მოჩხუბრები დანებსა და ხელკეტებს იყენებდნენ.

დაშავებული ოთხეულიდან 2 ესპანელია, 1 იტალიელი და 1-იც ამერიკელი, კრიტიკულ მდგომარეობაში კი ესპანელთაგან ერთ-ერთი იმყოფება და იგი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის.

„ლაციოსა“ და „სევილიას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:55 საათზე „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი სევილიაში 1 კვირის შემდეგ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები