კომპანი
Aa
Aa

კომპანი "სიტისთან" მალე გაახანგრძლივებს

გამოცემა Goal-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ბელგიელი კაპიტანი, ვენსან კომპანი კლუბთან კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს. მას "ქალაქელებთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება ივნისში უსრულდება.

როგორც ირკვევა, მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, მეტიც, თავად კომპანი ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა. მისი ანაზღაურება კვირაში 120 000 ფუნტი გახლავთ, ახალი ხელშეკრულების დეტალებზე კი ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

იმის მიუხედავად, რომ კომპანი ბოლო წლებში ტრავმიანობს და ამ მხრივ, შესაძლოა, ყველაზე უიღბლო ფეხბურთელიც იყოს, გუნდის გასახდელში მაინც უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება და "ქალაქელთა" ხელმძღვანელები ამას აფასებენ, იგივე აზრზეა პეპ გუარდიოლაც.

ბელგიელ სტოპერს კუნთების პრობლემა აქვს და იანვრის დასაწყისში "ლივერპულთან" გამართული მატჩის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილის მიუხედავად, "სიტი" ტანმაღალი ცენტრალური მცველის შემცვლელს უკვე ეძებს და "აიაქსიდან" მატიის დე ლიხტის გადაბირება სურს.

კომპანიმ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, შესაძლო 3420 წუთიდან, მოედანზე მხოლოდ 1397 გაატარა, წელს კი მინდორზე 9-ჯერ გავიდა. ბელგიელი აპრილში 33 წლის ხდება და უკვე ვეტერანის სტატუსიც მიეკერება. იგი მანჩესტერელთა რიგებში 2008 წელს "ჰამბურგიდან" ჩაირიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები