Aa
Aa

"ინტერმა" იკარდის კაპიტნობა ჩამოართვა! - რას მოასწავებს "ნერაძურის" ნაბიჯი?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მილანის "ინტერმა" მაურო იკარდის კაპიტნობა ჩამოართვა და ამიერიდან გუნდს ვეტერანი გოლკიპერი, სამირ ჰანდანოვიჩი უკაპიტნებს.

ბოლო კვირების განმავლობაში "ნერაძურისა" და არგენტინელ თავდამსხმელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელმაც უკანასკნელ დღეებში უსიამოვნო ხასიათი მიიღო, რაზეც ვანდა ნარას განცხადებები ნათლად მიანიშნებდა. 

"როცა კლუბიდან დამიკავშირდნენ, ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვსაუბრობდით. მე მსურს, რომ მაურო გუნდის მხრიდან უფრო დაცული იყოს, რადგან ბოლო პერიოდში შიდა სამზარეულოდან ინფორმაციებმა გაჟონა და ეს ჩვეულებრივი ამბავი არ უნდა იყოს". - განაცხადა ნარამ 11 თებერვალს.

"ინტერმა" აღნიშნული ცნობა დაადასტურა, თუმცა რაიმე კონკრეტული მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება. ისიც უკვე ცნობილია, რომ იკარდი ევროპა ლიგის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი ვენაში გუნდთან ერთად არ იმყოფება. "ნერაძური" ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალურ შეხვედრაში "რაპიდს" უნდა დაუპირისპირდეს.

იკარდისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას მიესალმა მარსელო ბროზოვიჩი, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხზე დადებული რამდენიმე პოსტი მოიწონა.

მაურო იკარდი "ინტერის" კაპიტნად 2015 წელს აირჩიეს, მას კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩი უთამაშია. რაც შეეხება ჰანდანოვიჩს, იგი "შავ-ლურჯების" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, როცა გუნდს "უდინეზედან" შეუერთდა.

ფაქტია, რომ მილანურ კლუბსა და იკარდის შორის გაუგებრობაა, ფეხბურთელის მსურველ კლუბებს კი ამით ხელის მოთბობა და მისი საკუთარ რიგებში გადაყვანა შეუძლიათ. სამხრეთ ამერიკელ ფორვარდს "ნერაძურისთან" კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში უსრულდება, მისი გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები