პარატიჩი:
Aa
Aa

პარატიჩი: "რემზის "არსენალში" თავის პოზიციაზე არასდროს უთამაშია"

ტურინის "იუვენტუსმა" აარონ რემზის გადაბირების შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. უელსელი შუახაზელი ტურინელებს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და მათთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

რემზის შესახებ, "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელს "ვეკია სინიორას" სქემაში მნიშვენლოვანი როლის მორგება შეუძლია. პარატიჩი თვლის, რომ 28 წლის ნახევარმცველს "არსენალში" მისთვის კომფორტულ პოზიციაზე თამაში არ უწევდა.

"ჩემი აზრით, რემზი არის ფეხბურთელი, რომელსაც თავისი პოზიცია ჯერ არ უპოვია, რადგან მას საყვარელ ადგილას თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. ვფიქრობ, 3 ნახევარმცველიან სქემაში შუაში უნდა იდგეს, შეუძლია, რომ დინამიკური შემტევი ნახევარმცველის ფუნქცია შეასრულოს.

შემადგენლობაში მისი მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, იგი უფრო მეტად ტექნიკურია, ვიდრე ჩვენი სხვა ნახევარმცველები, თუმცა, ამავე დროს, ნაკლებად - მრავალმხრივი. ასევე, ნაკლებად მშრომელი და ტაქტიკურადაც იდეალურად განსწავლულს ვერ უწოდებ, სამაგიეროდ, ბევრს დარბის. ისაა ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო პასის გაკეთება შეუძლია და საგოლე ალღოც არ დაეწუნება". - ამბობს პარატიჩი.

ფაბიო პარატიჩი "იუვენტუსში" 2010 წელს, ჯუზეპე მაროტასთან ერთად მივიდა და გასული წლის შემოდგომამდე მისი ერთ-ერთი მთავარი დამხმარე იყო. მაროტას წასვლის შემდეგ, პარატიჩი ტურინელთა სპორტული დირექტორის პოსტს იკავებს, თუმცა, დიდწილად, გენერალური დირექტორის ფუნქციებიც მას აქვს.

აარონ რემზი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. იგი წლიურ ხელფასად 20 მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ხელფასზე ნაკლები იქნება.

უელსელი ნახევარმცველი "არსენალის" რიგებში 2008 წლიდან თამაშობს, იგი "მეთოფეთა" შემადგენლობაში მშობლიური "კარდიფიდან" გადავიდა. მას ეროვნული ნაკრების მაისურით 58 მატჩში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები