Aa
Aa

რასელ უესტბრუკმა ისტორია დაწერა!

„ოკლაჰომა სითი თანდერის“ სუპერვარსკლავი, რასელ უესტბრუკი, NBA-ის რეკორდების დამხობას განაგრძობს. „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 30 წლის გამთამაშებელმა სამმაგი დუბლი მიჯრით მეათედ გააკეთა და უილტ ჩემბერლენის მიღწევა გააუმჯობესა. ლეგენდარულ ცენტრს სამმაგი დუბლი ზედიზედ ცხრაჯერ ჰქონდა შესრულებული.

„პორტლენდთან“ დაპირისპირებაში უესტბრუკმა თავი 21 ქულას, 14 მოხსნას და 11 შედეგიან გადაცემას მოუყარა. „ოკლაჰომას“ წარმატებაში კი უდიდესი წვლილი ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა პოლ ჯორჯმა შეიტანა.

„თანდერის“ მსუბუქმა ფორვარდმაც სამმაგი დუბლი ჩაიწერა და გუნდს 47 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ხსენებული დუეტის გარდა ოკლაჰომელების მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული დეონტე ბარტონმა და რეიმონდ ფელტონმა გადალახეს.

„პორტლენდთან“ მიღწეული წარმატება „ოკლაჰომასთვის“ 37-ე გამარჯვება გამოდგა. „თანდერის“ კალათბურთელებს საჩემპიონო ამბიციები ამოძრავებთ და ამჟამად დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებენ. რასელ უესტბრუკის გუნდი ზედიზედ 4 შეხვედრაა არ დამარცხებულა და ტრიუმფალური სვლის გაგრძელებას სტუმრად, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები