Aa
Aa

"ნათლად გამოჩნდა, რომ გადაღლილები ვართ" - "ბარსა" გამოიფიტა?

"ბარსელონამ" ლა ლიგის გასულ ტურში "სან მამესზე" "ბილბაოსთან" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და "რეალთან" სხვაობა 6 ქულამდე დავიდა.

კატალონიელები ბოლო 2-3 შეხვედრაა საშინლად გამოიყურებიან და მათი თამაში წაგებასთან უფრო ახლოს არის ხოლმე, ვიდრე მოგებასთან.

ვალვერდეს გუნდმა პირველი წრე დიდებულად ჩაატარა. სეზონის სტარტზე არსებული მცირე ჩავარდნის შემდეგ "ბლაუგრანამ" ყველა ტურნირზე დომინანტურად ითამაშა. ამჟამად კი საოცრად გადატვირთული გრაფიკის გამო გუნდი გამოიფიტა.

ამ ყველაფერს ტრავმებიც დაემატა და გუნდმა თამაშს საგრძნობლად მოუკლო.

ამ მოსაზრებას ესპანურ პრესასთან ერთად გუნდის მოთამაშეები და მთავარი მწვრთნელიც (ნაწილობრივ) იზიარებს.

ტერ შტეგენი: "დიახ, შესაძლოა, ჩვენ მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო გადავიღალეთ. ახლა რამდენიმე დღით დასვენება შეგვიძლია. საერთოდ თებერვალი დატვირთული თვის თვალსაზრისით ძალიან დაძაბულია, ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს.

ამ მცირე შესვენების შემდეგ ჩვენ თამაშის მომატებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ყოველთვის გვაქვს რაღაც გასაუმჯობესებელი. ახლა იმაზე ფიქრი გვმართებს, თუ რა გავაკეთეთ არასწორად და როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი."

გერმანელმა "ბილბაოსთან" იფრინა

 

ერნესტო ვალვერდე: "ჩვენი მხრიდან "ბილბაოსთან" ცოტა ნელი თამაში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გუნდისგან უფრო მეტ რიტმს ველოდები.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ვუტევდით, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ, ისევე როგორც გამარჯვება.

გუნდი გადაიღალა? თუ შენ თამაშს იგებ, გადაღლილობას ვერ ხედავ, თუ ვერ იგებ - წინააღმდეგობას აწყდები. რთული კვირა გვქონდა, თუმცა გადაღლილობით თავის გამართლებას არ ვაპირებთ."

ლუის სუარესი: "ამ ბოლო დროს ჩვენ ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწია და დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ გადაღლილები ვართ.

გუნდში ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის პრობლემა გაჩნდა. ეს მცირე დეტალია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ბურთი უფრო ხშირად უნდა მოვთხოვოთ."

"ბარსას" ჩემპიონთა ლიგამ დროულად მოუსწრო. კატალონიელები ამ კვირაში არ ითამაშებენ, რაც გუნდს დასვენების საშუალებას მისცემს, რის შემდეგაც ლა ლიგაში "ვალიადოლიდთან" მარტივი საშინაო შეხვედრა მოდის, რომელშიც ვალვერდეს რამდენიმე ლიდერის დასვენების შანსი ექნება.

ასევე იხილეთ - "აინტრახტთან" შეთანხმება მიღწეულია - იოვიჩი "ბარსელონაში" ითამაშებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები