Aa
Aa

55 წლიანი რეკორდი პორტუგალიის ჩემპიონატში! - "ბენფიკამ" "ნასიონალს" 10:0 მოუგო!..

ლისაბონის "ბენფიკამ" პორტუგალიის ჩემპიონატის ახალი ისტორია დაწერა და "ნასიონალის" 10:0 დამარცხებით, თავისივე 55 წლიანი რეკორდი გაიმეორა. პრიმეირა ლიგის 21-ე ტურში, "არწივებმა" საკუთარ არენა - "და ლუჟი"-ზე ფუნშალის "ნასიონალი" მიიღეს და ნამდვილი სანახაობა მოაწყეს.

ბრუნო ლაგეს გუნდმა მეტოქის რბევა პირველსავე წუთზე დაიწყო. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ალექს გრიმალდომ მადეირელთა კარი 33-ე წამზე აიღო, რასაც შემდეგ სეფეროვიჩისა ჟონასის დუბლი, პიცის, ფეროს, რაფა სილვას, ჟოაო ფელიშისა და რუბენ დიაშის გოლები მოჰყვა.

ფუნშალელთა მთავარი მწვრთნელი, წარსულში საკმაოდ ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი კოშტინიაა, რომელმაც მატჩის შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა:

 

"ჩემი გუნდისთვის საშინელი თამაში იყო, "ბენფიკამ" კი შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. ერთადერთი, რაც "ნასიონალისტებს" მინდა ვუთხრა - ბოდიშია. ეს ნორმალური სიტუაცია ნამდვილად არაა, არც ჩემი კარიერისთვის და არც ჩემი ხასიათისთვის. ფანებს შეუძლიათ გაგვაკრიტიკონ, რადგან დღეს საშინელი გუნდი ვიყავით. პრაქტიკაში ვერ გადავიტანეთ ის, რისთვისაც გასულ კვირას ვმუშაობდით. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ". 

"ბენფიკამ" პორტუგალიის ჩემპიონატის 55 წლიანი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1964 წელს თავად დაამყარა, როცა "სეიშალს" ასევე 10:0 აჯობა, მას შემდეგ ასეთი დიდი სხვაობით გამარჯვება პრიმეირა ლიგაში აღარ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ყველა დროის რეკორდს, იგი იმავე "ბენფიკას" ეკუთვნის, რომელმაც 1947 წელს, "სანჟოანენსეს" 13:1 გადაურბინა. 

ლისაბონელთა დროებითმა დამრიგებელმა, ბრუნო ლაგემ, რომელიც პოსტზე იანვარში დანიშნეს და დიდი შანსია, თანამდებობა შეინარჩუნოს, გუნდის თამაშის კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი შეგირდები ყოველდღიურად პროგრესირებენ.

 

"მინდა, "ნასიონალის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელს რამდენიმე სიტყვა ვუთხრა. ფეხბურთში ხანდახან ასეთი რაღაცებიც ხდება. მათ იციან, რომ იმაზე გაცილებით კარგები არიან, ვიდრე დღეს გამოჩნდნენ. არის ასეთი ცუდი დღეებიც, როცა თავი მაღლა უნდა ასწიო და მუშაობა გააგრძელო.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ყოველდღიურ პროგრესს ვხედავ. თუმცა, შრომა უნდა გავაგრძელოთ და წინსვა არ შევწყვიტოთ.

ჩემს ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ. ეს ის შედეგია, რომელიც მათ გვარებს ისტორიაში დატოვებს. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ და გულშემატკივარს კარგი სანახაობა აჩუქეს. ხვალიდან სავარჯიშო პროცესი გაგრძელდება და ვეცდებით, რომ "გალათასარაისთან" მორიგი კარგი თამაში ჩავატაროთ". 

"ბენფიკამ" 42 წლის ბრუნო ლაგეს ხელმძღვანელობით ჩემპიონატის ექვსივე მატჩი მოიგო და ჯამში 26 გოლი გაიტანა. "არწივები" პირველადგილოსან "პორტუს" 1 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მესამეადგილოსან "ბრაგას" ასევე 1 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები