Aa
Aa

"ბარსას" ჯოჯოხეთური კალენდარი და პრობლემები შემადგენლობის მხრივ

დღეს "ბარსას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე 55 წლის გახდა. ვერ ვიტყვით, რომ საკუთარ დაბადების დღეს ბასკი სპეციალისტი მშვიდად და პრობლემების გარეშე ხვდება...

"ბარსელონასთვის" და ზოგადად ყველა გრანდისთვის ვინც ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის და ამბიციები გააჩნია, მათთვის სეზონის გადამწყვეტი ეტაპი დგება.

ამ დროს ხშირია ხოლმე ჩავარდნები, ტრავმები და გაუთვალისწინებელი პრობლემები. ამ მხრივ გამონაკლისი არც "ბარსა" არის.

კატალონიელები უახლოეს 2-3 კვირაში მეტად მნიშვნელოვან შეხვედრებს ჩაატარებენ და ყველაფერი ამ კვირიდან იწყება - ვალვერდეს გუნდი "ბილბაოს" ესტუმრება.

"ბლაუგრანას" ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო ივან რაკიტიჩი და ხორდი ალბა დააკლდება.

ალბას არყოფნა დაცვის ექსპერიმენტულობას გამოიწვევს, რადგან ვალვერდეს ალბას შემცვლელი გუნდში არ ჰყავს.

კუნთის ტრავმა აქვს არტურს, რომელსაც 3-4 კვირა გაუცდება და შეიძლება ითქვას ბრაზილიელი ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს - გასვლა "ბილბაოსთან", გასვლა "ლიონთან", გასვლა "სევილიაში", ზედიზედ ორი გასვლა "რეალთან" (ეს ბოლო 4 მატჩი ზედიზედ!) და ამის შემდეგ "კამპ ნოუზე" "ლიონთან" საპასუხო შეხვედრაში არტური სავარაუდოდ გუნდს დაუბრუნდება.

ამ ყველაფერს მესის ტრავმა ემატება, რომელიც სრულად გამოჯანმრთელებული არ არის და ვალვერდეს რამდენიმე მატჩის გამო მთელი სეზონის გარისკვა არ სურს.

ამრიგად, მოსალოდნელია "ბილბაოსთან" მატჩში მესის დასვენება. ასევე მომდევნო ტურში "კამპ ნოუზე" "ვალიადოლიდის" წინააღმდეგაც, რომლის შემდეგაც მოდის შეხვედრა "ლიონთან", სადაც "ბარსას" ლეო ნამდვილად დასჭირდება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უახლოეს 2 შეხვედრაში ვალვერდე მესის დასვენებას გეგმავს.

არის კარგი სიახლეც - ტრავმა 100%-ით მოირჩინა დემბელემ და ის სათამაშოდ მზად არის. ფრანგის ფორმაში შესვლა გუნდს ჰაერივით ესაჭიროება.

სავარაუდოდ, დემბელე "სან მამესზე" სულ მცირე გუნდის განაცხადში მაინც იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები