Aa
Aa

ბითაძის 17 ქულა და დასანანი მარცხი დაძაბულ შეხვედრაში

ევროლიგის რიგით 22-ე ტური გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტისთვის" წარუმატებელი გამოდგა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ მოედანზე "ხიმკი" მიიღო და დაძაბულ  ორთაბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრის უდიდესი ნაწილი ქულა ქულაში წარიმართა. გამარჯვებულის ბედი კი მატჩის მიწურულს გადაწყდა. ბოლო წამებზე უკეთ რუსული კლუბის კალათბურთელებმა იასპარეზეს და საბოლოოდ 98-90 იმარჯვეს.

გოგამ პარკეტზე საკმაოდ ბევრი, 26 წუთი და 55 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ბითაძე მეტოქის ფარს ეფექტურად უტევდა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. ქართველი ახალგაზრდას მარგი ქმედების კოეფიციენტმა +25-ს უწია და ამ კატეგორიაში ნორის კოულთან ერთად საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ.

"ხიმკისთან" განცდილი მარცხი "ბუდუჩნოსტისთვის" მეთექვსმეტე აღმოჩნდა. მონტენეგრული გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და შემდეგ მატჩში "ჟალგირისს" შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები