Aa
Aa

"ელ კლასიკო": მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსამ" "რეალს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ეს ანგარიში მადრიდელებს განმეორებითი დაპირისპირების წინ მცირე უპირატესობას აძლევს, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ კატალონიელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო ადვილად იგებენ, ვიდრე "კამპ ნოუზე".

რაც არ უნდა იყოს ეს უბრალოდ ციფრებია და მას აზრი მხოლოდ მინდორზე დამტკიცების შემდეგ ეძლევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს და თავიანთ ფეხბურთელებზე ისაუბრეს:

ერნესტო ვალვერდე: „გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა და მესის მხოლოდ მეორე ტაიმში ეთამაშა. მას მცირე დისკომფორტი ჰქონდა და მიზეზიც ეს იყო. ლეოს ყველაფერი კარგად აქვს, საშიში არაფერია.

გადაწყვეტილებას ყოველთვის იმის მიხედვით ვიღებთ, თუ რა არის გუნდისა და მოთამაშისთვის უკეთესი იმ კონკრეტულ მომენტში.

იქნება თუ არა მესი „ბილბაოსთან“ შეხვედრაში მოედანზე ამას წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა იმედი მაქვს.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, „რეალმა“ სწრაფი გოლი გაიტანა ეს სიტუაციას ყოველთვის ცვლის. მათ კარგად დაიწყეს და ბურთსაც აკონტროლებდნენ.

შემდეგ სადავეები ხელთ ვიგდეთ და თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა. გათანაბრება შევძელით და ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. საბოლოოდ ფრედ ვითამაშეთ. მატჩი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.

საპასუხო შეხვედრის წინ ფავორიტად ვერცერთ გუნდს ვერ დავასახელებ. ჩვენ საუბარი გვაქვს ორ ექსტრაკლასის კლუბზე და ეს ანგარიში დიდ უპირატესობას არ იძლევა.

სემედუს თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის პროგრესირებს. კლუბმა მას ბევრი რამ ასწავლა და გააუმჯობესა.

ეს იყო მატჩი, სადაც ბევრი თავისუფალი ზონა იქმნებოდა და სწორედ ამიტომ სემედუს დაყენება გადავწყვიტეთ“.

 

სანტიაგო სოლარი: „ამ მატჩმა დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი სწორად მუშაობს და ფეხბურთელები თავის საქმეს კარგად ასრულებენ.

ეს ანგარიში არაფრის გარანტიას არ იძლევა და ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ერთმა გოლმა ყველაფერი შეცვალოს.

მოგების სურვილი ყოველთვის გვაქვს. დღესაც გვქონდა შანსები და გამარჯვებაც შეგვეძლო.

ამჯერად ჩვენი ყურადღება ლა ლიგის მატჩისკენ არის მიმართული.

რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებებს, ვასკესს აქვს თვისებები, რომელსაც ესპანელ ფეხბურთელებში ყველაზე მეტად ვაფასებ. ის მოედანზე ყოფნის დროს თანაგუნდელებს ყოველთვის ეხმარება.

ვინისიუსის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ვიცოდი მას რაც შეეძლო და ძირითადშიც ამიტომ მოხვდა. გასაოცარია, რომ 18 წლის ბიჭი ასეთ დონეზე თამაშობს და პროგრესირებს.

მარსელო ჩვენი მეორე კაპიტანია და ის მოედანზე ყოველთვის მაქსმიმუს დებს. ბრაზილიელი 100%-ით მადრიდისტაა. აქ სალაპარაკო არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი 27 თებერვალს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება და ამჯერად წინ უფრო დაძაბული "ელ კლასიკო" გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები