4:0-დან წაგებული სეტი და შემდეგ მატჩი! - ბასილაშვილის სენსაციური მარცხი
Aa
Aa

4:0-დან წაგებული სეტი და შემდეგ მატჩი! - ბასილაშვილის სენსაციური მარცხი

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის სოფიას 250-იანი ტურნირის წლევანდელი გათამაშება წარუმატებელი გამოდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველსავე წრეში სენსაციური მარცხი განიცადა.

ნიკას მეტოქე გამოცდილი გერმანელი, დანიელ ბრანდსი გახლდათ, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 180-ე ადგილზეა. შეხვედრის უპირობო ფავორიტად ქართველი ითვლებოდა, რომელსაც აქამდე ბრანდსთან 1 ურთიერთშეხვედრა უკვე მოგებული ჰქონდა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო კარგად ბრანდსმა ითამაშა და შემოკლებული გეიმი 9:7-ით დაასრულა. მეორე პარტიაში ბასილაშვილს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და 4:0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ჩავარდნა დაეწყო და მომდევნო 8-დან 7 გეიმი დათმო, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა.

26 წლის ქართველმა 7 ეისი მოაწოდა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 48-დან 37, ხოლო მეორეზე 40-დან 17 ქულა მოიგო, თავად 2 ბრეიკი შეასრულა, გერმანელმა კი მისი მოწოდება 3-ჯერ აიღო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირის წყვილთა თანრიგში ავსტრალიელ მეტიუ ებდენთან თამაშობს. აღნიშნული დუეტი დღესვე, ოდნავ მოგვიანებით დონსკოი/ლაზაროვის წყვილს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები