ბოლო ინფორმაცია მესისა და დემბელეს ტრავმების შესახებ
Aa
Aa

ბოლო ინფორმაცია მესისა და დემბელეს ტრავმების შესახებ

ოთხშაბათს, ესპანეთის სამეფი თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

მთელი საფეხბურთო სამყარო მორიგი „კლასიკოს“ მოლოდინშია. ამჯერად მთავარი ყურადღება „ბარსას“ ტრავმირებული მოთამაშეების მიმართ არის მიპყრობილი.

მესის და დემბელეს მოედანზე გასვლა ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დემბელემ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო და მისი თამაშის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.

რაც შეეხება მესის, არგენტინელმა სავარჯიშო სესია მხოლოდ სიფრთხილის გამო გამოტოვა. მედშტაბმა მას დასვენება ურჩია.

როგორც ესპანური პრესა წერს, მესისთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია და კლუბი ქომაგებს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

ახლა, ვალვერდემ უნდა გადაწყვიტოს - გარისკოს, თუ თავი შეიკავოს? მთელი ძალებით პირველივე წუთებიდანვე, თუ შედარებით ფრთხილი და მეორე ტაიმზე გათვლილი ტაქტიკით?

რა თქმა უნდა, არსებობს საშიშროება, რომ მესიმაც და დემბელემაც ტრავმები გაიმიზეზონ და მოედანს გაცილებით ხანგრძლივი ვადით ჩამოშორდნენ.

ასეთ შემთხვევაში ვალვერდე არ გარისკავს და ორივე მათგანს თადარიგში დატოვებს. საჭიროების შემთხვევაში კი მათ გამოიყენებს.

ყველაფერს მედშტაბი გადაწყვეტს. საბოლოო პასუხი ხვალ იქნება. დღეს ღამით და სამშაბათ დილით მესისა და დემბელეს ბოლო გამოკვლევა ჩაუტარდებათ, ბურთთან ერთად ივარჯიშებენ და ყველაფერიც მაშინ გაირკვევა.

მცირე დისკომფორტის შემთხვევაშიც კი ვალვერდე არ გარისკავს. ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჯერჯერობით მესიც და დემბელეც „ელ კლასიკოსთვის“ მწყობრში იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები