Aus Open: უშანსოდ - ჯოკოვიჩმა ნადალი გაანადგურა!
Aa
Aa

Aus Open: უშანსოდ - ჯოკოვიჩმა ნადალი გაანადგურა!

ავსტრალიის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა! სერბმა ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში ესპანელ რაფაელ ნადალს შანსი არ დაუტოვა და სამ სეტში 6:3, 6:2, 6:3 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ნადალმა მთელი ტურნირი ფინალამდე ისე განვლო, რომ სეტიც არ წაუგია და ყველა შეხვედრა 3:0-ზე დაასრულა. ფინალში კი 0:3-ზე თავად დამარცხდა.

ჯოკოვიჩმა მეტოქეს არცერთი ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა და სრულიად დამსახურებულად მოიგო. "ნოლემ" კარიერაში Aus Open-ი მეშვიდედ მოიგო!

 

ნადალი თავის თავს არ ჰგავდა და მხოლოდ რიგ ეპიზოდებში ახერხებდა მისთვის შესაფერისი თამაშის ჩვენებას.


 

ფინალური ჯახის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი პირველ სეტში ვიხილეთ, რომელიც სერბის სასარგებლოდ დასრულდა

 

ჯოკოვიჩისთვის ეს კარიერაში რიგით მე-15 დიდი სლემი გახლავთ. "ნოლე" ამ მხრივ მესამეა, ნადალი 17 სლემით მე-2, ხოლო 20-ით პირველ ადგილს ჯერჯერობით როჯერ ფედერერი იკავებს.

 

ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა, რასაც ბევრი არ ელოდა. ეს ყველაფერი ნოვაკის ბრწყინვალე ფორმის დამსახურებაა, რომელმაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და მსოფლიო რეიტინგში პირველი პოზიცია გაიმყარა.

ჯოკოვიჩისა და ნადალის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში სერბის სასარგებლოდ 28:25 გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები