Aa
Aa

სარი: "ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ვისთანაც მიმუშავია"

გონსალო იგუაინის ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლის მთავარი ინიციატორი მაურიციო სარი გახლდათ. გამოცდილი სპეციალისტი „პიპიტას“ “ნაპოლიში“ 2015-2016 წლების სეზონში წვრთნიდა, როცა არგენტინელმა სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა და იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში 36 გოლი შეაგდო. სარის სჯერა, რომ იგუაინი „ლურჯების“ რიგებშიც შედეგიანი იქნება და კლუბს შესამჩნევად გააძლიერებს. მან ამის შესახებ ბრიტანულ პრესასთან ისაუბრა.

„ის ძალიან ძლიერი თავდამსხმელია. განსაკუთრებით მახსოვს ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებული სეზონი, რომელშიც შესანიშნავად თამაშობდა. სერია A-ს 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. უდავოა, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ვისთანაც მიმუშავია.

იმედი გვაქვს, რომ გოლების გატანას „ჩელსისთვის“ გააგრძელებს, თუმცა იგი ბევრ სხვა ასპექტშიც ძალიან კარგია. ბოლო პერიოდში სირთულეები ჰქონდა, ჩვენ კი ვეცდებით, რომ საუკეთესო ფორმაში დავაბრუნოთ. სეზონის პირველ ნაწილში 9 გოლი გაიტანა, რაც იგივე ნამდვილად არაა, რამდენიც „იუვენტუსში“ თამაშისას გაჰქონდა ხოლმე. როცა კლუბში ამ ტრანსფერისა და მისი გუნდისთვის მნიშვნელობის შესახებ ვუთხარი, მათ გამიგეს. საკმაოდ რთულია, რომ იანვარში მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი დაიმატო. ასე რომ, მათ ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთეს“.

გონსალო იგუაინი „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, შემდეგ კი გუნდს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. შესაძლოა, „პიპიტას“ ლონდონური ნათლობა კვირას „შეფილდთან“ გასამართ სათასო მატჩში შედგეს.

ასევე იხილეთ - დე იონგი "ბარსელონაში" ითამაშებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები