ჯოკოვიჩი და სერენა 1/4 ფინალში - ლოგიკური შედეგები AUS OPEN-ზე
Aa
Aa

ჯოკოვიჩი და სერენა 1/4 ფინალში - ლოგიკური შედეგები AUS OPEN-ზე

ავსტრალიის ღია პირველობის მორიგ სათამაშო დღეს სენსაციები არ დაფიქსირებულა და ფავორიტებმა წარმატებით იასპარეზეს.

მამაკაცთა შორის, მილოშ რაონიჩმა ალექსანდრ ზვერევი იოლად - 6:1; 6:1; 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ბორნა ჩორიჩის დამმარცხებელ ლუკა პუიეს შეხვდება. ფრანგმა ხორვატ მეტოქეს 4 სეტში აჯობა.

დღის ყველაზე დრამატული მატჩი კეი ნიშიკორისა და პაბლო კარენო ბუსტას შორის შედგა. შეხვედრა ესპანელის უპირატესობით დაიწყო და მან საწყისი 2 პარტია მოიგო, თუმცა იაპონელმა რეაბილიტაცია შეძლო და მებრძოლი ხასიათი გამოავლინა - 6:7; 4:6; 7:6; 6:4; 7:6.

ნიშიკორის მომდევნო მოწინააღმდეგე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც რუს დანილ მედვედევს 4 სეტში მოუმთავრა საქმე - 6:4; 6:7; 6:2; 6:3.

ქალთა შორის, სათამაშო დღე ელინა სვიტოლინასა და მედისონ კიზის მატჩით გაიხსნა. უკრაინელმა 3 სეტში მოიგო და 1/4 ფინალში ნაომი ოსაკაზე გავიდა. თავის მხრივ, იაპონელმა ანასტასია სევასტოვას ასევე 3 სეტში აჯობა.

მოულოდნელი განვითარება ჰქონდა გარბინ მუგურუსასა და კაროლინა პლიშკოვას იდეაში საინტერესო შეხვედრას. ბრძოლა პრაქტიკულად ვერ ვიხილეთ და პლიშკოვამ მარტივად - 6:3; 6:1 იმარჯვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზეს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სიმონა ჰალეპმა და ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა. ამერიკელმა პირველი სეტი იოლად მოიგო, რასაც მეორე პარტიის წაგება და "დისაიდერი" მოჰყვა. სერენამ 3:3-ზე სეტის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

შედეგად, უმცროსი უილიამსი და კაროლინა პლიშკოვა ერთმანეთს 1/4 ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდებიან. სერენა 24-ე დიდი სლემის ტიტულისკენ მიიწევს და თუ მიზანს მიაღწია, მარგარეტ კორტის მაჩვენებელს გაუთანაბრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები