Aa
Aa

ბითაძის ორმაგი დუბლი და დამარცხებული "სამეფო კლუბი"

გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" სუპერსენსაცია შემოგვთავაზა. ევროლიგის მორიგ ტურში მონტენეგრულმა გუნდმა საკუთარ კედლებში ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, "მადრიდის რეალი" მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"ბუდუჩნოსტმა" სასურველ შედეგს ბრწყინვალე დაცვის ხარჯზე მიაღწია. ბითაძემ და კომპანიამ მეტოქეს მხოლოდ 60 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 73 მოაგროვა. მონტენეგრულ გუნდს არცერთი მეოთხედი არ წაუგია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 27 წუთი და 33 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 13 ქულასთან ერთად 10 მოხსნა ჩაიწერა. გოგამ 6-დან 3 ორიანი, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ბითაძემ სამი დაფარება დააგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა +16-ს უწია. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ თანაგუნდელ კოტი კლარკს ჩამორჩა.

"ბუდუჩნოსტისთვის" "რეალთან" მოპოვებული გამარჯვება ევროლიგაში მეხუთე აღმოჩნდა. მონტენეგრული გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებს და შემდეგ შეხვედრას საკუთარ არენაზე, "გრან კანარიას" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები