Aa
Aa

ბასილაშვილის დასანანი მარცხი და ციციპასის ისტორიული შედეგი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-15 ჩოგანთან, სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში, 3:6, 6:3, 6:7 (7:9) 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველ და მეორე სეტში ჩოგბურთელებმა თითო-თითო ბრეიკ პოინტი გამოიყენეს. საწყის პარტიაში მიზანს ციციპასმა მიაღწია, მეორეში კი პირიქით მოხდა.

მესამე სეტი ყველაზე დაძაბული გამოდგა. ნიკამ საკუთარ მოწოდებაზე პირველივე გეიმი დათმო, თუმცა ბერძენმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. სტეფანოსი 5-3-ზე აწვდიდა, მაგრამ მეტოქეს ბრეიკ პოინტის გამოყენების საშუალება მისცა. საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, რომელიც უმძიმეს ბრძოლაში ციციპასმა მოიგო.

დრამატული ტაიბრეიკის მოგებამ ბერძენს ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა. მეოთხე სეტში ბასილაშვილს მოწინააღმდეგის მოწოდებაზე შანსი ფაქტობრივად არ ჰქონია. სტეფანოსმა კი ბრეიკ პოინტი გამოიყენა და 6:4 იმარჯვა. ნიკამ 14 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 78-დან 55, ხოლო მეორეზე 52-დან 30 ქულა მოიგო. ბასილაშვილმა 56 ვინერსი შეასრულა, თუმცა ძალიან ბევრი - 51, უნებლიე შეცდომა დაუშვა.

რაც შეეხება ციციპასს, ამ უკანასკნელისთვის ქართველთან მოპოვებული გამარჯვება განსაკუთრებული გამოდგა. იგი პირველი ბერძენი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც დიდი სლემის გათამაშების მერვედფინალში ორჯერ გავიდა. მომდევნო შეხვედრაში სტეფანოსის მეტოქე ლეგენდარული როჯერ ფედერერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები