Aa
Aa

"ჰაცუ ბაშო" ტოჩინოშინის გარეშე გაგრძელდება

ქართველმა ოძეკიმ, ლევან გორგაძემ, „ჰაცუ ბაშოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია მისი საჯინიბოს მმართველმა, კასუგანომ, გაასაჯაროა.

როგორც იცით ტოჩინოშინმა ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მისი გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ტრავმის მიუხედავად ლევანმა ტურნირში მონაწილეობა მაინც მიიღო, თუმცა ნატკენი ფეხით სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა და 4-დან ოთხივე ორთაბრძოლა წააგო.

ტოჩინოშინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას კასუგანომ განაცხადა: "ლევანს ფეხი ძალიან სტკივა და მასზე დაყრდნობას საერთოდ ვერ ახერხებს. მან საწყისი ორთაბრძოლები ტკივილის თანხლებით ჩაატარა. იგი სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და ოსაკას ბაშოსთვის მოემზადება“.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს 2019 წლის საწყის ტურნირზე მაკე-კოში დაუფიქსირდება. გორგაძე კადობანში ჩადგება და მომდევნო ბაშოზე ოძეკის წოდების დაცვა მოუწევს.

ცხელი ამბები