როგორ ცდილობს
Aa
Aa

როგორ ცდილობს "რეალი" საკუთარი ისტორიიდან რონალდუს წაშლას

100 მილიონ ფუნტად „იუვენტუსში“ რონალდუს გაშვება მადრიდის „რეალის“ მხრიდან სულ უფრო სულელურ ნაბიჯად მოსჩანს.

მიმდინარე სეზონი სამეფო კლუბისთვის საშინლად მიმდინარეობს. სოლარის გუნდმა ლა ლიგის ოთხეულში მხოლოდ გასულ ტურში შეაღწია.

ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ითქვას, რომ „რეალს“ გაუმართლა და რთული მეტოქეები ასცდა. თუ გავითვალისწინებთ მადრიდელთა წლევანდელ ფორმასა და ლა ლიგაში დაფიქსირებულ შედეგებს, სამეფო კლუბის ჯგუფში ჩარჩენაც სავსებით შესაძლებელი იყო.

„ლოს ბლანკოსის“ ქომაგები მერვედფინალში ამსტერდამის „აიაქსის“ დამარცხებაში ახლაც არ არიან დარწმუნებულნი...

თავად კრიშტიანუ, რომელიც მალე 34 წლის გახდება თავს ჩინებულად გრძნობს და 25 შეხვედრაში 15 გოლიც აქვს გატანილი.

რონალდუსთან განშორების შემდეგ მადრიდელებმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თავიანთი ისტორიიდან ამოშლა და სრული იგნორირება დაიწყეს. ამ ყველაფრის შემჩნევა არც ისე რთულია.

კრიშტიანუმ „რეალში“ 9 წლიანი კარიერის განმავლობაში კლუბის ყველანაირი რეკორდი დაამხო. პორტუგალიელმა 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა და 15 ტიტულის მოგება შეძლო.

და რატომ ცდილობს სამეფო კლუბი რონალდუს საკუთარი ისტორიიდან ამოშლას? კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე შესვლისას ვხედავთ მადრიდელთა 4 მოთამაშეს - რამოსს, ვარანს, მოდრიჩსა და მარსელოს, რომლებიც უეფას წლის გუნდში მათი რიგებიდან მოხვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში რონალდუმ „რეალის“ მიერ მოგებულ ჩემპიონთა ლიგაში უდიდესი როლი ითამაშა, როგორც ჩანს მადრიდელებს კრიშტიანუს ჩათვლით წლის გუნდში 5 მოთამაშის ყოლას 4 ურჩევნიათ.

თუ რონალდუს შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება მოგინდებათ, მის შესახებ ვერაფერს ნახავთ, თუ საძიებო ველში პორტუგალიელის გვარს ზუსტად არ ჩაწერთ.

მადრიდელთა ვებ გვერდზე არის სექციები სადაც „რეალის“ ისტორიასა და ლეგენდარულ ფეხბურთელებზეა საუბარი. იქ კი დისტეფანოსა და ზიდანის ფოტოებს ვხვდებით. კვლავ არსად ჩანს რონალდუ.

სხვა სექციებში სადაც კლუბის მიერ ბოლო წლებში მოგებული ტიტულებია აღბეჭდილი, იქ რონალდუს უკანა პლანზე ვხედავთ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ თავის ოფიციალურ არხზე ვიდეობში აპირებს რონალდუს კადრების მაქსიმალურად შემცირებას.

თუ ვინმე მოისურვებს ისეთი ვიდეოს ნახვას, სადაც რონალდუს კადრებიც არის, ტელევიზია მას ისეთ ვიდეოს მოუძებნის, რომელიც მსგავსია და იქ კრიშტიანუ ნაკლებად ჩანს.

როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსში“ ტრანსფერის შემდეგ „რეალმა“ რონალდუს გამოწერა ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და ტვიტერზე გააუქმა, ფეხბურთელმაც ანალოგიურად უპასუხა.

ბრიტანულ Daily Mail-ს რონალდუსთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ „რეალი“ თავიანთი ისტორიიდან კრიშტიანუს ამოშლას ცდილობს.

დაახლოებით იგივე შეემთხვა რაულსაც, როდესაც ის „შალკეში“ გადავიდა, სანამ ის მადრიდელთა პოტენციურ მეტოქედ ითვლებოდა სამეფო კლუბი მის მიმართ არანაირ პატივისცემასა და სითბოს არ იჩენდა. როცა გონსალეს ბლანკომ გელზენრკირხენი დატოვა, „ბლანკოსმა“ მის მიმართ ზუსტად ისეთი სიყვარული გამოავლინა როგორსაც ის იმსახურებდა.

შესაძლოა რონალდუს შემთხვევაშიც იგივე მოხდეს.

ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება - „რეალი“ რონალდუს შესახებ ყველაფრის დავიწყებას ცდილობს, მანამ სანამ ის „იუვენტუსში“ თავის საოცარ კარიერას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები