პეტრ ჩეხი -
Aa
Aa

პეტრ ჩეხი - "ჩელსის" ქომაგების გმირი

2012 წლის 19 მაისი „ლონდონის ჩელსის“ ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ. პეტრ ჩეხის საოცარი ასპარეზობის წყალობით „არისტოკრატები“ სანუკვარ თასს დაეუფლნენ და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არსებობის ისტორიაში პირველად გახდნენ.

„ალიანს არენაზე“ „მიუნხენის ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჩეხმა გმირობა ჩაიდინა. „ლურჯების“ კიპერმა ჯერ რობენის პენალტი აიღო, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ივიცა ოლიჩს და ბასტიან შვაინშტაიგერს არ გაატანინა. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ნიშნულთან დიდიე დროგბა მივიდა. ლეგენდარულმა კოტ-დივუარელმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პენალტის გატანა ჩეხის გამო განსაკუთრებით უნდოდა.

„ჩელსის“ გოლკიპერს „ნისლიან ალბიონზე“ უდიდეს პატივს სცემენ. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა და მოედანზე დაბრუნება სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმის მიღების შემდეგაც მოახერხა... ჩეხი, როგორც სტადიონზე, ასევე მის მიღმა ნამდვილი ლიდერი გახლდათ. გასახდელში იგი თანაგუნდელებს რეგულარულად ეხმარებოდა და მათ განწყობაზე ზრუნავდა.

პეტრი ხუთ ენას ფლობს. თუ ბრიტანულ გამოცემებს დავუჯერებთ მას ესპანურის ასათვისებლად მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვე დასჭირდა. „ლურჯების“ ფეხბურთელებს მასმედიის წარმომადგენლებთან საუბარი დიდად არ ეპიტნავებოდათ და აღნიშნული მოვალეობა სწორედ ჩეხს გადაულოცეს.

დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და პეტრ ჩეხი. ეს კვარტეტი იმ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც ჟოზე მოურინიომ და რომან აბრამოვიჩმა შექმნეს. გუნდი, რომელმაც 2012 წელს საფეხბურთო სამყარო გააოცა და ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იმარჯვა.

ჩეხი „ლონდონის ჩელსიში" 2004 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მის სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ „რენს“ 7 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. იმავე სეზონში „ლურჯები“ პრემიერ ლიგის ტრიუმფატორები გახდნენ და სანუკვარ ტიტულს 50 წლის შემდეგ პირველად დაეუფლნენ.

პეტრი ნამდვილი პროფესიონალი იყო და პროგრესის მისაღწევად მუდამ მაქსიმუმს აკეთებდა. „ბაიერნთან“ გასამართი მატჩის წინ „ჩელსის“ გოლკიპერმა უდიდესი სამუშაო გასწია. როგორც ცნობილია მან ბოლო 5 წლის განმავლობაში „რეკორდმაისტერის“ თითოეული ფეხბურთელის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანის ვიდეოჩანაწერი იხილა და მათი მოძრაობები შეისწავლა. ამ ყველაფერმა გაამართლა! მოგეხსენებათ ჩეხმა კუთხე ექვსივეჯერ გამოიცნო...

2006 წელს პეტრს სტივენ ჰანტთან შეჯახება მოუვიდა და თავის ქალის დაზიანება მიიღო. მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა და რომ არა დროული ქირურგიული ჩარევა არავინ იცის რა მოხდებოდა... ჩეხს დამცავი სწორედ ამ ტრავმის გამო უკეთია.

ურთულესი ოპერაციების შემდეგ საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი თვლიდა, რომ „ჩელსის“ გოლკიპერი სასურველ ფორმას ვერასდროს დაიბრუნებდა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. ჩეხი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა, რომელმაც 2010 წელს დუბლი გაიფორმა, 2012-ში ჩემპიონთა ლიგა დაიბევა, 2013-ში კი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სიტუაცია ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ შეიცვალა. ამ უკანასკნელმა ძირითადი მეკარის ფუნქციები შეითავსა და ჩეხი კიპერი იძულებული გახდა გუნდი შეეცვალა. პეტრი „არსენალში“ წავიდა, სადაც ჩვეულ დონეზე ვერ ასპარეზობდა, თუმცა ეს ყველაფერი დიდი ალბათობით „მეთოფეების“ საშინელი დაცვის ხაზის დამსახურება გახლდათ.

წლევანდელი სეზონის ბოლოს ჩეხი კარიერას დაასრულებს. ის პრემიერ ლიგის ოთხგზის, ასოციაციის თასის ხუთგზის, ლიგის თასის სამგზის, ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ეროვნული გუნდის რიგებში კი 124 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

პეტრ პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია და მისი დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება!

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები