ლობჟანიძე საუკეთესო გოლის ავტორია
Aa
Aa

ლობჟანიძე საუკეთესო გოლის ავტორია

საფეხბურთო კლუბ ''რანდერსის'' ოფიციალურ ვებგვერდზე შემოდგომის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გაიმართა. პირველ ადგილზე საბა ლობჟანიძის გოლი გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ''ვენდსისელთან'' შეხვედრაში ლამაზი გოლი გაიტანა და ამ გოლმა გუნდს 3 ქულა მოუტანა.

 

ლობჟანიძის გოლმა ხმათა 27 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ გოლს კი ხმათა 15,4 პროცენტი ერგო.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ სუპერლიგის ოცივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

თბილისის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი შემტევი დანიის სუპერლიგაში მეორე სეზონს ატარებს.

შეგახსენებთ, სეზონის ბოლომდე 24 წლის ქართველი ფეხბურთელი დანიურ კლუბში ითამაშებს.

საბა ლობჟანიძე: ''მსურს სეზონის ბოლომდე ''რანდერსში'' დავრჩე, გოლები გავიტანო და შემდეგ წავიდე. ვფიქრობ უმჯობესი იქნება ახალ კლუბს ზაფხულში შევუერთდე. კლუბის სპორტული დირექტორის, სორენ პედერსენის პოზიციას ვიზიარებ და სეზონის ბოლომდე გუნდს დავეხმარები.''

კლუბის სპორტულმა დირექტორმა დანიურ მედიასთან ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა.

სორენ პედერსენი: ''ჩვენი გუნდისთვის საბა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ტრანსფერი შედგება თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ. ვფიქრობ საბას დარჩენა უფრო რეალურია, გაზაფხულზე თავს კარგად წარმოაჩენს და ტრანსფერი სეზონის შემდეგ განხორციელდება.''

- ლობჟანიძის ტრანსფერის შემთხვევაში გაქვთ ალტერნატიული გზა?

- ჩვენ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი. ისინი საბას შეცვლისთვის მზად არიან. რეალურად ამ ეტაპზე ტრანსფერზე საუბარი არაა, თუმცა ლობჟანიძის გარეშე ასპარეზობისთვის მზად ვართ.

ფოტო: randersfc.dk

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები