რა სჭირს მესუთ იოზილს? - მაღალანაზღაურებადი გერმანელის დაღმასვლა
Aa
Aa

რა სჭირს მესუთ იოზილს? - მაღალანაზღაურებადი გერმანელის დაღმასვლა

მესუთ იოზილი „არსენალში“ კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს და პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში მე-2 ადგილზეა. ბოლო წლებში ხშირად ისმის კითხვა - იმსახურებს თუ არა გერმანელი ასეთ ხელფასს თავისი თამაშით.

ფეხბურთის ისტორიაში ოდესმე ყოფილა იოზილზე უფრო განხილვადი ფეხბურთელი? მასზე არ შეიძლება ერთი აზრი იყოს, მესუთზე საუბრისას ყველგან და ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა. მას შემდეგ, რაც ჩრდილო ლონდონში ჩავიდა, მუდმივად დისკუსიის საგანია.

„არსენალის“ ზოგიერთი ფანი მას ისე შეხვდა, როგორც, მაგალითად, დენის ბერგკამპს, ანუ ფეხბურთელს, რომელსაც მოედანზე თამაშის შეცვლა და ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. თუმცა იყო მეორე ნაწილიც და ისინი თვლიდნენ, რომ იოზილი იმ კატეგორიის გამთამაშებელი გახლდათ, რომელიც გუნდს არ სჭირდებოდა.

„მეთოფეებმა“ FA Cup-ი 4 წელიწადში 3-ჯერ მოიგეს და ამაში იოზილის წვლილიც დიდი იყო, გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა მისი კრიტიკოსები ამ დროსაც კი არ გაჩუმებულან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მესუთი გუნდურ სამუშაოს სათანადოდ არ ასრულებდა და საკმარისად სასარგებლო არც შემოქმედებით კუთხით იყო, ხოლო მის სხეულის ენას მღგზნებარება და გამარჯვებისკენ სწრაფვა საერთოდ არ ეტყობოდა.

მეორე მხრივ, იოზილის ბანაკის აზრით, იგი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებდა, უბრალოდ, ამას ზოგის გონება ვერ აღიქვამდა. ისინი თვლიდნენ, რომ მესუთი იმისთვის არ უნდა იყიდო, რომ შემდეგ უკან ჩასვლა დაავალო - მისთვის ეს ფუნქცია სრულიად ზედმეტია. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გერმანელს სტადიონიდან სიმღერასაც უძღვნიდნენ.


 

ამრიგად, ორივე მხარეს თავისი აზრი ჰქონდა და შესაბამისი არგუმენტებით ამყარებდნენ. ზოგი ერთმანეთს უსმენდა და შეხედულებას ცოტათი მაინც იცვლიდა, ზოგისთვის ეს უცხო ხილი გახლდათ. ეს დისკუსიები დროთა განმავლობაში ისეთივე ამოუწურავი და დამღლელი გახდა, როგორც Brexit-ის თემა, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში აქტუალობას შედარებით დაკარგავს, თუმცა იოზილის გარშემო ატეხილი აჟიოტათი და აზრთა სხვადასხვაობა ასევე მალე დასრულდება? რთული სათქმელია...

გერმანელი მიმდინარე სეზონში უაღრესად უიღბლოა, მას ტრავმათა მთელი სერია აქვს, ძირითადად ზურგი აწუხებს, რასაც ბრიტანულ პრესასა და გულშემატკივართა წრეებში სხვადასხვაგვარად განიხილავენ.

„არსენალის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ლე გროვიმ „ტვიტერის“ მეშვეობით მესუთის ზურგის ტრავმის შესახებ საკუთარი ვარაუდი გამოთქვა და იგი კომპიუტერული თამაშებისადმი სიყვარულს დაუკავშირა. საქმე ეხება, კომპანია Epic Games-ის თამაშს, fortnite-ს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი კი, როგორც ჩანს, ამ მხრივ, ნამდვილად არ ხუმრობს. ოქტომბრის თვის განმავლობაში, იოზილმა ონლაინ თამაშში 600-მდე ხელი მოიგო, fortnite-ზე მისი მეტსახელია - M10_88. „ყველამ, ვისაც კი ამ თამაშის შესახებ სმენია, იცის, რომ 600 მოგებამდე მიღწევა კოლოსალურ დროს მოითხოვს. იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვოთ, სოლო რეჟიმში თამაშისას, მინიმუმ 99 მოთამაშის დამარცხება მოგიწევთ, ხოლო პარტნიორთან ერთად, ან გუნდური თამაშის რეჟიმში, 24 სხვადასხვა რაზმს უნდა სძლიოთ, ეს კი მარტივი სულაც არ არის. თუ ცნობილია ის, რომ იოზილს ზურგის ტკივილი აწუხებს, ესეც თავისთავად წარმოშობს საფუძვლიან  ეჭვს, რომ ის მჯდომარე მდგომარეობაში საათებს ატარებს. თანაც, რომ დავაკვირდეთ, ის უფრო მეტ ზიზღსა და აგრესიას აჩვენებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მთელი მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გამოუხატავს.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სპორტსმენი თამაშობს ვიდეო თამაშებს, თუმცა 600 მოგების (12% იანი პროგრესის) მაჩვენებელი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას 6000-მდე ტური აქვს გავლილი. - წერდა გროვი.

fortnite-ს ერთი ხელი საშუალოდ 20 წუთს გრძელდება. 5 დეკემბრის მონაცემებით, იოზილს ამ თამაშის 5221 ხელი აქვს ნათამაშები, რაც დროში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 1720 წუთი გამოდის. ლონდონელთა შემტევი fortnite-ს ძირითადად გუნდურად თამაშობს. ამასთანავე, იგი საკუთარი თამაშის ამსახველ ლაივს სოციალურ სივრცეში აზიარებს, რათა სხვა ადამიანებს მისი ხილვის საშუალება ჰქონდეთ. მესუთს Twich.tv-ზე 147 ათასი მიმდევარი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ჯამში 724 ათასი ნახვა აქვს.


 

ეს ყველაფერი 30 წლის გერმანელის კრიტიკოსებს იმის თქმის საფუძველსაც აძლევს, რომ „მეთოფეების“ ლიდერს ფეხბურთისადმი 100%-ით პროფესიონალური მიდგომა აღარ აქვს, მას ერთი სული აქვს, კომპიუტერს მიუჯდეს და fortnite-ი ითამაშოს.

პრესაში ვრცელდება კულუარული ცნობები, რომ იოზილმა „არსენალის“ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში ნაადრევად დატოვა, რადგან გაიგო, რომ „ვესტ ჰემთან“ მატჩისას ძირითად შემადგენლობაში ვერ ითამაშებდა. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა „კრისტალ პალასთან“ ოქტომბერში გამართული შეხვედრაც გაიხსენეს, რომლის 68-ე წუთზე იოზილი შეცვალეს, რა დროსაც გერმანელის გაბრაზება აშკარად ჩანდა. ვარაუდობენ, რომ იოზილსა და უნაი ემერის მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

ის ხანდახან ვარსკვლავია, როგორც „ლესტერთან“ ოქტომბერში გამართული მატჩისას, ხან კი - უბრალო ფეხბურთელი. ერთ უქმეებზე შეიძლება სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, მეორე კვირას კი - „არსენალს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაუძღვეს. ვსაუბრობთ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელზე. რა სარკასტულია?!

ყველაფერი ეს ვენგერის ეპოქაში დაითესა, როცა იოზილს „არსენალში“ პიკი ჰქონდა, ეს კი 2013-2015 წლების პერიოდზე ითქმის. ფრანგი სპეციალისტის დროს იოზილი პრივილეგიით სარგებლობდა, ზამთრის პერიოდში ხანდახან ვარჯიშებზე არ იყო, ფეხბურთელებისთვის კი ამის მიზეზი უცნობი გახლდათ. როცა ლონდონელთა „ათიანი“ ფორმას კარგავდა, ვენგერი მას უაღრესად მიმტევებლურად ექცეოდა.

ალექსის სანჩესის გუნდიდან წასვლიდან რამდენიმე დღეში, იოზილის აგენტი „არსენალის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ხელფასის გაზრდა მოსთხოვა. „მეთოფეები“ რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ, ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ორი ლიდერის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, შედეგად, გერმანელი ვარსკვლავის ყოველკვირეული ანაზღაურება 350 ათას ფუნტამდე გაიზარდა.

არავინ იცის, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან ემერისა და იოზილს, არადა ეს ყველას აინტერესებს. არის ესპანელი სპეციალისტი ის დემონი, რომელიც ვარსკვლავებისთვისაც ავტორიტეტია? მას „პსჟ“-ში, კიდევ ერთ საკმაოდ ჭირვეულ და პრინციპულ სტართან, ნეიმართან ერთად მუშაობა მოუწია... პარიზულ კლუბში ემერის ავტორიტეტი ნეიმარის მისვლამ ერთბაშად დაამსხვრია, რაზეც თავად ესპანელის სიტყვებიც მეტყველებს, რომელიც მან კლუბის დატოვების შემდეგ თქვა: „ვიცი, როდის ვარ გუნდის მთავარი პიროვნება და როდის - არა. „პსჟ“-ში ლიდერი ნეიმარია, „სიტიში“ - გუარდიოლა“, ალბათ, ემერიმ ამ სიტყვებით სწორედ იოზილი გააფრთხილა.

იოზილის კლასისა და ტექნიკური არსენალის მიუხედავად, როგორც ჩანს, იგი ემერის სქემაში არ ჯდება, რასაც მაღალი ხელფასი და კლუბის ფინანსური საბჭოს ინტერესებიც ემატება. ასე რომ, ემერის უბრალოდ არ სჭირდება ის ფეხბურთელი, რომლის შენახვაც ძვირია და არც სათამაშო სისტემაზეა 100%-ით მორგებული. განსაკუთრებით მაშინ, თუ ესპანელ მწვრთნელს სიახლეები სურს და ახალი გუნდის აშენებას გეგმავს.


 

იოზილისთვის ეს ძალიან  სამწუხარო მდგომარეობაა. ერთ დროს იგი კრიშტიანუ რონალდუს პასებით ამარაგებდა, მსოფლიო ჩემპიონატს იგებდა და ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ახლა კი პრემიერ ლიგის მე-5 ადგილოსან გუნდშიც აღარ აქვს მთავარი როლი. მისი სტატუსი შეუბღალავი რჩება, მაგრამ გერმანელი ბედნიერი მაინც ვერ იქნება.

შეიძლება რომ იგი კლუბიდან ზამთარშივე წავიდეს? მისი აგენტის სიტყვების მიხედვით - არა, რადგან იოზილი „არსენალში“ მოტივირებული და მობილიზებულია, კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. ემერიმ იოზილს უკვე უთხრა, რომ მას საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს, ამასთანავე, ზაფხულამდე მისი გუნდიდან წასვლა არ განიხილება.

იმ შემთხვევაში, თუკი მესუთის ადგილი „მეთოფეთა“ შემადგენლობაში არ მოიძებნა, მას არც ახალი კლუბის პოვნა გაუჭირდება. გერმანელმა ერთ-ერთი აზიური ქვეყნიდან შეთავაზება დაბლოკა, რომლის მიხედვითაც, მისი ყოველკვირეული ხელფასი 1 მილიონი ფუნტი (!!!) იქნებოდა და მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

იოზილის ამჟამინდელი მდგომარეობა „არსენალის“ წინა პერიოდის სისტემის ხარვეზებს ნათლად ასახავს: ფეხბურთელთათვის კომფორტული ზონების ჩამოყალიბება, მოთამაშეთა ნაწილისათვის ხელფასების შემცირება და შიშზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები. იოზილის სიტუაცია, ემერის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დელიკატური დილემაა. თუკი, ესპანელი იოზილს საკუთარი თვისებების წარმოჩენაში დაეხმარება, ეს ორივე მხარისთვის შესანიშნავი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები