17 წლის ქართველის დებიუტი იტალიურ კლუბში
Aa
Aa

17 წლის ქართველის დებიუტი იტალიურ კლუბში

იტალიის სერია ბ-ს ''პადოვას'' პირველ გუნდში ქართველი ფეხბურთელის, დავით ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა. სერია ა-ს კლუბმა ''უდინეზემ'' ''ფრიულიზე'' ამხანაგურ მატჩში კევინ ლასანას გოლით ''პადოვა'' დაამარცხა.

17 წლის ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე მატჩის დასკვნითი 12 წუთი გაატარა.

დავით ლორთქიფანიძე ''ბრეშასა'' და ბერგამოს ''ატალანტას'' ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, გასული ზაფხულიდან კი ''პადოვას'' 19 წლამდე გუნდში გამოდის.

როგორც ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, შემდეგი მატჩისთვის ''პადოვას'' პირველ გუნდთან ერთად ემზადება. სერია ბ-ს 19-გუნდიან ლიგაში ''პადოვა'' 12 ქულით ბოლო ადგილზეა. 18 ტურის შემდეგ ქართველის გუნდს გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევისთვის 8 ქულა ესაჭიროება.

დავით ლორთქიფანიძე: ''მთავარმა მწვრთნელმა პიერპაოლო ბიზოლიმ ნახევარდაცვის ცენტრში 1 საყრდენითა და 2 შემტევით თამაში გადაწყვიტა. მე შემტევ ნახევარმცველად ვითამაშე.

პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. შესაძლოა შემდეგ მატჩში 20-კაციან განაცხადში მოვხვდე. თუ ასე არ მოხდა მაშინ 19 წლამდე გუნდში ვითამაშებ.''

სერია ბ-ს მე-19 ტურში, 20 იანვარს ''პადოვა'' ''ჰელას ვერონას'' უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში ლორთქიფანიძემ ''პადოვას'' 19 წლამდე გუნდში იტალიის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ კი თასის გათამაშებაში იასპარეზა.

ფეხბურთელმა 2016-17 წლებში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.

ფოტო: padovacalcio.it

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები