ოპერაცია
Aa
Aa

ოპერაცია "ჰენრიკ ლარსონი": "ბარსა" იანვარში სათადარიგო ფორვარდის შეძენას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონადან" მუნირ ელ ჰადადი "სევილიაში" გადავიდა.

"ლა მასიას" სკოლის აღზრდილმა ამჯერად "ბლაუგრანა" საბოლოოდ დატოვა. არანაირი უკან გამოსყიდვის პრიორიტეტები და იჯარის წესით განათხოვრებები. მუნირმა ანდალუსიელებთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ბარსას" თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს. სიტყვა პრობლემა არ ნიშნასვ იმას, რომ ამ მომენტისთვის ვალვერდეს გუნდს გოლების გატანა, ან თამაშების მოგება უჭირს. არა, კატალონიელებს პრობლემები სეზონის მიმდინარეობისას აუცილებლად შეექმნებათ და ეს გარდაუვალია, თუ ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ფორვარდს არ შეიძენენ.

ასე ფიქრობს ვალვერდეც, რომელმაც ფორვარდის შესაძლო დამატებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ასე რომ, დანაკლისის შევსებაზე ახლავე უნდა ვიფიქროთ. თუ არავის დავიმატებთ, მხოლოდ B გუნდიდან ფეხბურთელის დაწინაურების ვარიანტი დაგვრჩება, იქ კი ხელსაყრელი მდგომარეობა ნამდვილად არაა".

წარმოუდგენელია, რომ კლუბმა რომელიც სამ ტურნირზე გამოდის და ყველა მათგანის მოგება სურს, მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდის იმედად იყოს.

ლუის სუარესი 24 იანვარს 32 წლის ხდება. "ელ პისტოლერო" პატარა ბიჭი უკვე აღარ არის და თავისი სასურველი ფორმისგანაც შორსაა.

სუარესი თავის საქმეს მაინც ასრულებს და უკვე საკმაოდ ბევრი გოლიც აქვს გატანილი, თუმცა მას სეზონის განმავლობაში შიგადაშიგ დასვენება ესაჭიროება და ასეთ დროს ის ვინმემ უნდა შეცვალოს.

"ბარსა" ოპერაცია "ჰენრიკ ლარსონს" იწყებს და სათადარიგო ცხრა ნომრის შეძენას ცდილობს, რომელიც ლა ლიგას კარგად უნდა იცნობდეს.

ბოლო პერიოდში ესპანური პრესა ალვარო მორატას შესახებ წერდა, თუმცა ესპანელი ფორვარდი "ჩელსიდან" სწორედ სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო მიდის და კვლავ ღრმა თადარიგში მოხვედრა ნამდვილად არ სურს. ამასთან, მორატა მადრიდისტაა და მისი "კამპ ნოუზე" ხილვა რთული წარმოსადგენია.

ასევე საუბარი იყო ურუგვაელ მაქსი გომესზე, რომელიც ვიგოს "სელტას" ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა.

22 წლის ფორვარდი სუარესის დუბლიორობაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდეს.

ესპანური Mundo და Marca ყველაზე რეალურ ვარიანტად "ტოტენჰემის" ბასკ ფორვარდს ფერნანდო ლორენტეს ასახელებს.

33 წლის ტანმაღალი (1,93) ფორვარდი პოჩეტინოს გუნდში საკმაოდ იშვიათად თამაშობს.

ლორენტეს ძირითადად ბოლო წუთებზე ათამაშებენ და ძირითადში მხოლოდ სათასო შეხვედრებში ხვდება.

"ბარსას" სიაში "ბილბაოს" (ასევე "სევილიას") ყოფილი ფორვარდი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოსჩანს. პლუს ამას, ლორენტეს ვალვერდე ბასკური კლუბიდან კარგად იცნობს.

ფერნანდოს თადარიგში ყოფნაზე პრობლემა არ ექნება და ის იმაზე მეტ სათამაშო დროსაც მიიღებს, ვიდრე ტოტენჰემში აქვს.
ლორენტე ესპანეთის ჩემპიონატს კარგად იცნობს და ამასთან მეორე სართულზე შეუდარებლად მოქმედებს, რაც ვალვერდეს შეტევაში გაცილებით მეტ არჩევანს აძლევს.

"ტოტენჰემთან" არსებული კონტრაქტის ვადა ლორენტეს სეზონის ბოლოს გასდის და ლონდონელებს მისი ზამთარში გაყიდვა აწყობთ. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

პ.ს. ლორენტეს მეორე ვარიატიც აქვს - უკან "ბილბაოში" დაბრუნება. არჩევანი უკვე მასზეა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები