Aa
Aa

ზაზა ტრავმირებულია! "დეტროიტი" კვლავ დამარცხდა

„დეტროიტ პისტონსი“ საშინელ ფორმაში იმყოფება. დუეინ ქეისის ბიჭებმა უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 მოიგეს და საპლეიოფო ზონიდან დაქვეითდნენ.

გამთენიისას დეტროიტელები სტუმრად ლებრონის გარეშე მოასპარეზე „ლეიკერსს“ დაუპირისპირდნენ და მიჯრით მესამე მარცხი იწვნიეს. ლოს-ანჯელესურმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს 12 ქულიანი სხვაობით, 35-23, სძლია. ლუკ უოლტონის შეგირდებს სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ და საბოლოოდ 113-100 იმარჯვეს.

„ლეიკერსს“ 41 ქულით კაილ კუზმამ ულიდერა. მაიკლ ბიზლიმ თავი 19 ქულას მოუყარა. კენტავიუს კალდუელ-პოუპი 15 ქულით გამოირჩა, ხოლო ბრენდონ ინგრემმა აქტივში 10 ქულა ჩაიწერა.

„დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. რეჯი ჯექსონმა და ლენგსტონ გალოუეიმ 15-15 ქულა მიითვალეს. ანდრე დრამონდი კი 6 ქულასა და 17 მოხსნას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას ფეხის ტრავმა აწუხებს და გუნდს დროებით ვერ ეხმარება.

„ლეიკერსთან“ მარცხის შემდეგ „პისტონსს“ 17 მოგება და 22 წაგება დაუგროვდა. დეტროიტელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას სტუმრად, „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები