ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბაიერნმა" პავარი გაიფორმა!

საფრანგეთის ნაკრებისა და "შტუტგარტის" მცველი, ბენჟამინ პავარი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. აღნიშნული გარიგების შესახებ ზაფხულიდან მოყოლებული კულუარულად იწერებოდა, დღეს კი ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პავარის ტრანსფერი შეთანხმებულია და იგი "რეკორდმაისტერს" სეზონის ბოლოს შეუერთდება. აღნიშნული ცნობა "ბაიერნის" "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმაც გაავრცელა.

ფრანგი უკანახაზელი "ლილის" სკოლის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2014-2016 წლებში ითამაშა, იქიდან კი "შტუტგარტში" გადავიდა და "შვაბების" შეუცვლელ ფეხბურთელად მალევე იქცა.

პრესაში გავრცელებული ცნობებით, ბავარიელებს პავარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

22 წლის პავარი გასულ ზაფხულს გამართული მუნდიალის გამარჯვებულია და იგი "ბაიერნის" რიგებში მე-2 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იქნება - კიდევ ერთი ასეთი კორენტინ ტოლისოა. პავარმა მსოფლიო ჩემპიონატის 6 მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მწვრთნელმა იგი დანიასთან უმოტივაციო შეხვედრისას დაასვენა. 

"ბაიერნი" ამჟამად დოჰაში იმყოფება, სადაც ზამთრის შეკრებას გადის. ბუნდესლიგა დაახლოებით 10 დღეში განახლდება, "რეკორდმაისტერი" კი 18 იანვარს, სტუმრად "ჰოფენჰაიმს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩის გუნდმა იანვარში 18 წლის ალფონს დეივისი დაიმატა, რომლის ტრანსფერი 11.5 მილიონი ევრო დაჯდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები