მოჰამედ სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია!
Aa
Aa

მოჰამედ სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია!

„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების შემტევი, მოჰამედ სალაჰი, მიჯრით მეორედ, აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ჩაატარა, დაჯილდოების ცერემონია კი სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა. 26 წლის მოთამაშემ თანაგუნდელ სადიო მანეს და „არსენალის“ წარმომადგენელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, აჯობა.

გასულ წელს სალაჰმა შესანიშნავად ითამაშა. „მერსისაიდელთა“ ლიდერმა ჯამში 44 გოლი შეაგდო და „ფარაონებთან“ ერთად მუნდიალზე გამოვიდა. მოჰამედი ცუდად არც წლევანდელ სეზონში გამოიყურება და მეტოქე გუნდების კარის აღება უკვე 16-ჯერ მოახერხა.

ცერემონიის შემდეგ სალაჰმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გავხდი. წარსულში არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ვიმეორებ, ბავშვობაში ამ ჯილდოს მოგებაზე ხშირად ვოცნებობდი და მიღწეული შედეგით ძალიან ვამაყობ“.

„იმედი მაქვს წარმატებულ სვლას განვაგრძობ და ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ერთად აფრიკის ეროვნებათა თასის ტრიუმფატორი გავხდები. მშობლიურ ქვეყანაში, საკუთარი ქომაგების წინაშე თამაში განსაკუთრებული შეგრძნებაა და დარწმუნებული ვარ თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონობის მოსაპოვებლად მაქსიმუმს გააკეთებს“.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება

მეკარე – დენის ონიანგო

მცველები – სერჟ ორიე, მეჰდი ბენატია, ერიკ ბაილი, კალიდუ კულიბალი

ნახევარმცველები - ნაბი კეიტა, ტომას პარტეი, რიად მაჰრეზი.

თავდამსხმელები - მოჰამედ სალაჰი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, სადიო მანე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები