დე როსიმ ოჯახთან ერთად მალდივებზე წასვლა იუარა, რათა ტრავმა მალე მოერჩინა!..
Aa
Aa

დე როსიმ ოჯახთან ერთად მალდივებზე წასვლა იუარა, რათა ტრავმა მალე მოერჩინა!..

დანიელე დე როსი რომში დაბადებულ-გაზრდილი კაცია, რომელმაც "რომას" სკოლა და ასაკობრივი გუნდები გამოიარა, 2001 წლიდან კი "ჯალოროსის" მთავარი კოლექტივის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა.

ვეტერანი ნახევარმცველი რომში მხოლოდ იმიტომ არ უყვართ, რომ გუნდის ლიდერი და სიმბოლოა, იგი ამას საკუთარი საქციელით იმსახურებს, ერთ-ერთი სამაგალითო ქმედება კი სახეზეა - 35 წლის ფეხბურთელმა ოჯახთან ერთად მალდივის კუნძულებზე წასვლა იუარა, რათა სარეაბილიტაციო კურსი დროულად დაეწყო და ტრავმა მალე მოეშუშებინა.

დე როსის "რომას" საახალწლო არდადეგები არ გამოუყენებია, იგი ხსენებულ პერიოდში სავარჯიშო დარბაზში დადიოდა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. 

ვეტერან შუახაზელს მუხლის პრობლემები აქვს, რის გამოც მოედანზე 28 ოქტომბრის შემდეგ არ გასულა. მან გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა. არადა, მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება მოუწევდა, თუმცა მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და მინდორზე ქირურგიული ჩარევის გარეშე დაბრუნდა.

"რომა" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. "ჯალოროსი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პორტუგალიურ "პორტუს" შეხვდება. პირველი მატჩი 12 თებერვალს, რომში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 7 მარტს, პორტუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები