ბეილს
Aa
Aa

ბეილს "რეალის" ყურება მობეზრდა? - რატომ დატოვა მან სტადიონი მატჩის მიმდინარეობისას?!..

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, "რეალმა" საკუთარ მოედანზე "სოსიედადს" უმასპინძლა და 0:2 წააგო, რითაც ოთხეულში ადგილი დაკარგა და ლიდერ "ბარსელონას" მთელი 10 ქულით ჩამორჩა.

მადრიდულმა გამოცემის, AS-ის ყურადღების ცენტრში ეს შეხვედრა სხვა კუთხითაც მოექცა, რაც "ბლანკოსის" ფანებისთვის დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს. საქმე გუნდის ერთ-ერთ ლიდერ გარეტ ბეილს ეხება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და "სოსიედადთან" მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.

"სამეფო კლუბი" 78-ე წუთისთვის 0:1-ს აგებდა, ამ დროს მადრიდის ერთ-ერთი უბანში დამონტაჟებულმა სადამკვირვებლო კამერამ ბეილი მანქანით ქუჩაში დააფიქსირა. ფეხბურთელმა თავისი გუნდის თამაშის ადრეულად დატოვება გადაწყვიტა, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტი ერთია, რომ 29 წლის ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს და ლა ლიგის განვლილ 18 ტურში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

ესპანური პრესა მას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ყველა ელოდა, რომ რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალის" მთავარი ფეხბურთელი სწორედ ბრიტანელი გახდებოდა, თუმცა იგი საკუთარ თავს არ ჰგავს.

გარეტ ბეილი "ვილიარეალთან" 3 იანვარს გამართული მატჩისას დაშავდა და მისი თამაში ლა ლიგის მომდევნო ტურშიც გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბში" გადასვლის შემდეგ, რაც 2013 წელს მოხდა, ბეილმა ტრავმა 22-ედ მიიღო, რის გამოც იმავე AS-მა მას "მსხვრევადი ბეილი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები