Aa
Aa

გორგოძე AUS OPEN-ზე გამოსვლას იწყებს! - პირველი ბარიერი ლუსი ჰრადეჩკაა

ეკატერინე გორგოძე დაახლოებით 10 დღეა ავსტრალიაში იმყოფება და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის ემზადება. 27 წლის ქართველმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს.

გორგოძემ თავისთვის სადებიუტო დიდი სლემის ტურნირზე რამდენიმე თვის წინ ითამაშა. იგი ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვიდა და მეორე წრეში კანადელ ეჟენი ბუშართან დამარცხდა, ახლა კი ძალებს უკვე AUS OPEN-ზე გამოცდის.

ტურნირის ძირითად ბადეში 128 გოგონა ითამაშებს, რომელთაგანაც 103 ადგილი პირდაპირი წესით გაიცემა, 9 მოთამაშე "ველურ ბარათს" მიიღებს, ხოლო დარჩენილ 16 ჩოგბურთელს შესარჩევი ეტაპი გამოავლენს.

კენჭისყრის შედეგად, გორგოძის პირველი მეტოქე გამოცდილი ჩეხი, ლუსი ჰრადეჩკა იქნება, რომელიც ერთეულთა შორის იშვიათად თამაშობს და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 532-ე ადგილზეა. სამაგიეროდ, ჰრადეჩკა წყვილთა ჩოგბურთშია წარმატებული - "როლან გაროსი" და ამერიკის ღია პირველობა მოგებული აქვს, ავსტრალიის ღია პირველობასა და "უიმბლდონზე" კი ფინალში აქვს ნათამაშები.

გორგოძისა და ჰრადეჩკას მატჩი ხვალ გამთენიისას, დაახლოებით დილით 9 საათისთვისაა დაგეგმილი. ჩოგბურთელები ერთეულთა თანრიგში პირველად შეხვდებიან.

აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში გავა, სადაც შიმიზუსა და შმიტკოვას დაპირისპირებაში უკეთესს შეხვდება. ტერეზა შმიტკოვა შესარჩევ ეტაპზე 26-ე ნომრადაა განთესილი.

გეტყვით იმასაც, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე საქართველოს 3 წარმომადგენელი ჰყავს. ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, მელბურნში გასამართ ტურნირზე ითამაშებს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ქალთა წყვილთა თანრიგში გამოვა.

დავამატოთ ისიც, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ცვლილებებია, წინა წლებისგან განსხვავებით, ამიერიდან როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა თანრიგში, მე-5 სეტში (ქალთა შემთხვევაში მე-3 სეტში) ანგარიშზე - 6:6, ტაიბრეიკი დაინიშნება, ხოლო გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკი არა - 7-მდე, არამედ 10 ქულამდე გაგრძელდება. ხაზი გავუსვათ, რომ ეს წესი მხოლოდ ბოლო სეტის ტაიბრეიკს ეხება, ნებისმიერ დანარჩენ სეტში დანიშნული ტაიბრეიკი 7 ქულამდე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები